აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის, თანამშრომლებს განუცხადეს, არ მისულიყვნენ ვაშინგტონის შტაბ-ბინაში, რადგან, როგორც მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დასთანხმდა.
600-მა თანამშრომელმა სააგენტოს დახურვის შესახებ შეტყობინება ორშაბათს, 3 თებერვალს, მიიღო. ისინი დაბლოკეს სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაშიც.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად მუშაობდა, რომ სააგენტოს მუშაობა შეჩერებულიყო. მისი აზრით, ეს „თაღლითური“ ორგანიზაციაა, რომელსაც „მემარცხენე გიჟები“ მართავენ.
„ჩვენ უბრალოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება გვსურს. ეს ისაა, რაც დიდი ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის, დროს უნდა გაკეთებულიყო. ისინი სულ გაგიჟდნენ, ფულს აძლევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სააგენტოში საერთოდ არ უნდა დაესაქმებინათ. ეს სირცხვილი და თაღლითობა იყო“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.
საპასუხოდ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „დემოკრატიული პარტიის“ წევრების აზრით, “USAID“-ის დახურვა უკანონო გადაწყვეტილებაა. ისინი პირობას დებენ, რომ ამ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მოგვიანებით, მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აღნიშნა, რომ “USAID” არ იხურება, მხოლოდ მისი რეორგანიზაცია და სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაქვემდებარება იგეგმება.
ეს იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორი მარკო რუბიო გახდება.
„მე USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ეს უფლებამოსილება ამ ეტაპზე სხვას გადავეცი, მაგრამ კავშირი კვლავ მაქვს. ჩვენი მიზანია, საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებდეს. ამ პოლიტიკის წყალობით, რომელიც “USAID”-მა წლების განმავლობაში შეიმუშავა, აფინანსებდნენ ყველა პროექტს, საჭირო იყო თუ არა. ეს კი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. ნამდვილად სასაცილოა. ეს ფული გადასახადების გადამხდელებისაა“, – ამბობს მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
მარკო რუბიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სააგენტო ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, როდესაც ყველა პროექტს შეისწავლიან. შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე პროგრამა შეაჩერონ.