ვალენსიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ რეგიონული პრეზიდენტის კარლოს მაზონისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს წყალდიდობის დროს არასწორი რეაგირების გამო.
როგორც ცნობილია, სტიქიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქცია ესპანეთის ქალაქში გამართული წინა სამი დემონსტრაციისგან განსხვავებით შედარებით მცირე მასშტაბის იყო, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მსვლელობაში მაინც ბევრი, დაახლოებით 25,000 ადამიანი მონაწილეობდა.
მაზონზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2024 წლის ოქტომბერს, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, მისმა ადმინისტრაციამ მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე არ გაუგზავნა წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება.
მაზონს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ სტიქიური უბედურების დროს მან დროულად არ იმოქმედა. გადაუდებელი დახმარების მობილიზებისთვის მაღალჩინოსნებს რამდენიმე დღე დასჭირდათ.
ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მთავრობა მათ სათანადოდ არ ეხმარება.
მაზონი კრიტიკას არ ეთანხმება და მოქალაქეებს უხსნის, რომ შეუძლებელი იყო სტიქიის მასშტაბის წინასწარ განჭვრეტა. მან ასევე დასძინა, რომ მის ადმინისტრაციას ცენტრალური მთავრობისგან არ მიუღია შესაბამისი გაფრთხილება.