ლოს-ანჯელესში გრემის 67-ე დაჯილდოება გაიმართა. მას ყოველწლიურად გასცემს ხმის ჩამწერი ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია „ნარასი” (NARAS). 2024 წლის ჯილდოები 94 სხვადასხვა კატეგორიაში გაიცა.
წითელ ხალიჩაზე მუსიკალური ინდუსტრიის კაშკაშა ვარსკვლავები – ბიონსე, კენდრიკ ლამარი, ბილი აილიში, ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი, ქარდი ბი და სხვები გამოჩნდნენ. დაჯილდოების წამყვანი ამერიკელი კომიკოსი ტრევორ ნოა გახლდათ.
წლის ალბომის ნომინაცია ბიონსემ მიიღო ალბომისთვის Cowboy Carter. მას პრიზი ტეილორ სვიფტმა გადასცა.
„პირველი რიგში, მინდა, ღმერთს გადავუხადო უდიდესი მადლობა, რომ ამდენი წლის შემდეგაც შემიძლია ვაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მინდა, ასევე ყველა საოცარ არტისტს გადავუხადო მადლობა, ვინც დღევანდელ ცერემონიაში მონაწილეობდა. ამ ალბომზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, მოვუწოდო ხალხს, რომ აკეთონ ის საქმე, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ და ყველაზე კარგად გამოსდით“, -ამბობს მომღერალი ბიონსე.
წლის ჩანაწერი და ასევე წლის საუკეთესო მუსიკალური ნამუშევრის ჯილდო კენდრიკ ლამარმა მიიღო მუსიკალური ნაწარმოებისთვის Not Like Us.
„ამ ჯილდოს ჩემს ქალაქს, კომპტონს ვუძღვნი და ასევე ყველა უბანსა და დასახლებას, რომელიც მე ძალიან მიყვარს“,-ამბობს კენდრიკ ლამარი.
საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო კი შაპელ როუნს გადაეცა.
გრემის დაჯილდოების ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა CBS-სა და Paramount+ზე, რის შედეგადაც შეგროვილი თანხა სრულიად ჩაირიცხება ლოს-ანჯელესში ხანძრისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდში.