კატეგორიები

აშშ-ევროპის ენერგოსტრატეგია

აშშ-ევროპის ენერგოსტრატეგია

დონალდ ტრამპმა ევროპაში ძველი  ტკივილი დააბრუნა. მას შემდეგ,რაც საინაუგურაციო სიტყვაში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა წიაღისეულ საწვავთან მიბრუნება დააანონსა, ელექტრომობილების მხარდაჭერა გააუქმა და პარიზის კლიმატური შეთანხმების დატოვებაც გამოაცხადა   – კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ მსოფლიო ენერგეტიკული მიდგომები იცვლება.

“ჩვენ გვსურს მეტი თანამშრომლობა პარტნიორებთან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს უახლოეს პარტნიორს, აშშ-ს ეხება. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ურთიერთდაკავშირებული, როგორც ჩვენ. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1,5 ტრილიონ ევროს უდრის, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ია, ასე რომ სასწორზე ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს. ვიქნებით პრაგმატულები,თუმცა მუდამ ვიდგებით ჩვენს პრინციპებზე. დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს. ჩვენ შევაბიჯეთ უხეში გეოსტრატეგიული შეჯიბრის ეპოქაში.

მსოფლიოს მთავარი ეკონომიკები იბრძვიან ნედლეულის, ახალი ტექნოლოგიებისა და გლობალური სავაჭრო გზების ხელმისაწვდომობისთვის. ხელოვნური ინტელექტიდან სუფთა ტექნოლოგიებამდე, კვანტურიდან კოსმოსამდე, არქტიკიდან სამხრეთ-ჩინეთის ზღვამდე – რბოლა გრძელდება. შეჯიბრის ინტენსიურობასთან ერთად, ჩვენ სულ უფრო ხშირად დავინახავთ მასში ეკონომიკური ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა სანქციები, ექსპორტზე კონტროლი, ტარიფები. თუმცა მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, ამ გლობალურ რბოლაში ერთად მუშაობა დაგვჭირდება, რადგან არავის ინტერესშია გლობალური ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

ურსულა ფონ დერ ლაინეს ტრამპი არ უხსენებია, თუმცა არავის გასჭირვებია ამ სიტყვების ადრესატის ამოკითხვა. ამის მიზეზი კი ის არის,რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია სავსე იყო ევროპის მიმართ მუქარით.

კერძოდ, ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს. საინაუგურაციო სიტყვაში კი დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ ენერგეტიკაზე ეროვნული მასშტაბით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, ეს კი მათ შორის წიაღისეულის გამოყენებას, მწვანე შეთანხმებიდან გასვლას და ელექტრომობილების ხელშეწყობაზე უარს ნიშნავს.

ბრიუსელში აშშ-სთან პოტენციურ კომპრომისად განიხილება გათხევადებული ამერიკული გაზზე იმპორტის გაზრდა.

ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც დედამიწაზე ტემპერატურამ პრეინდუსტრიულ ნორმას 1.5 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბა, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში კი ტრილიონობით ევრო ჩაიდო.

წიაღისეული საწვავის შემცირებაზე მსოფლიო ჯერ კიდევ 2015 წელს, პარიზში შეთანხმდა, რადგან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მასობრივი წვა გლობალური დათბობის მიზეზია.

“მწვანე ტრანსფორმაცია შეუჩერებელი პროცესია და ახლა მას დიდი იმპულსი აქვს. პოლი კრიზისულ გარემოში, რომელსაც ბოლო წლებია ვაწყდებით,პრიორიტეტის სიაში  კლიმატის საკითხი ჩამოქვეითდა. გეოპოლიტიკური ქარიშხლების მიუხედავად არ შეცვლილა მეცნიერება კლიმატური ცვლილებების ირგვლივ. პირიქით, შედეგები სულ უფრო უარესდება. მეცნიერება გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე ის რამდენიმე ხმა,რომელიც მის წინააღმდეგ ჟღერს. ის,რომ მეცნიერების იარაღად გამოყენება ხდება, ესეც პოლიტიკის ასახვაა. რაც შეეხება აშშ-ის გასვლას პარიზის შეთანხმებიდან – ეს უკვე გაგვივლია. ჩვენი კარი კი ღია რჩება”, – აღნიშნა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე საიმონ სტილმა,რომელიც გაეროში კლიმატის პროგრამას ხელმძღვანელობს.

მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას განსაკუთრებული ბიძგი უკრაინაში რუსულმა აგრესიამ მისცა,  როცა ევროპამ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო. თუმცა, სწორედ მაშინ, ისიც გამოჩნდა, რომ ევროპა ამისათვის მზად არ იყო და რუსული გაზზე დამოკიდებულების დაძლევა არც ისე იოლი აღმოჩნდა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები