დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე 130-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 3000 ლიდერი შეიკრიბა.
ვინაიდან გლობალური ეკონომიკა დიდ ცვლილებებს განიცდის, წლევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ, განიხილება ეკონომიკური ზრდის აღდგენის გზები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება.
„ჩვენ გამოვავლინეთ ხუთი მთავარი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი არის ეკონომიკური ზრდის გადახედვა – რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავძლიოთ ეს ციკლი და მივიღოთ სარგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ტენდენცია, რომელიც ხალხზეა გათვლილი. ეს არის ის, რაზეც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“, – ამბობს ჯერემი იურგენი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი.
წლევანდელი შეხვედრის წინ, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური რისკების ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლისთვის სახელმწიფო დონის შეიარაღებული კონფლიქტი – კლიმატის ცვლილებასთან და გეოეკონომიკურ დაპირისპირებასთან ერთად უმთავრეს რისკფაქტორად შეფასდა.
„ერთ-ერთი საკითხი რასაც ყურადღებას მივაქცევთ, არის ის ვალდებულებები, რომლებსაც კომპანიები და ხელისუფლებები იღებენ ამ სფეროში თანამშრომლობისთვის. ჩვენ შევაფასებთ საკუთარ გავლენას, განვიხილავთ კონკრეტულ მიმართულებებს, სადაც ადამიანებმა აიღეს ვალდებულება მეტი ინვესტიცია განახორციელონ. შეიტანონ წვლილი და იმუშაონ ერთად იმისთვის, რომ განავითარონ ეს მიმართულებები“, – ამბობს ჯერემი იურგენი.
ფორუმი 20 იანვარს დაიწყო და 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.