ემანუელ მაკრონი ლიბანში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტს ბეირუთის აეროპორტში ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯიბ მიქათი დახვდა. მაკრონის ოფისის განცხადებით, ვიზიტის მიზანი ლიბანის სუვერენიტეტისა და ერთიანობის მხარდაჭერაა.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბანის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯოზებ აუნსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
საფრანგეთსა და ლიბანს შორის გართულებული ურთიერთობის ფონზე მაკრონი ლიბანში 2020 წლის შემდეგ პირველად იმყოფება. ეს ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის 14-თვიანი ომის დასასრულებლად 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ხდება. საფრანგეთი მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ფრანგი ოფიცერი იმ კომიტეტის წევრია, რომელიც 27 ნოემბრის ზავს ზედამხედველობს.
Vive le Liban !
C’est une nouvelle ère qui commence. pic.twitter.com/KXVdXoGblR— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 17, 2025
ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნაჯიბ მიქათმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს, დაცული იქნება შეთანხმების ყველა ასპექტი.
„დღეს პრეზიდენტ მაკრონის პირველი შეხვედრა შედგება გაეროს 1701-ე რეზოლუციის სრულად განსახორციელებლად მიღებული ზომების შესრულებაზე პასუხისმგებელ ამერიკელ ოფიცერთან, ასევე ფრანგ ოფიცერთან. მე მჯერა, რომ შეხვედრის შედეგს დღის მეორე ნახევარში ვნახავთ. მჯერა, საქმე ღვთის ნებით, გარკვეულ დროში უკან დახევისკენ მიდის.
ჩვენ თვალს ვადევნებთ ისრაელის დარღვევებს, ვაგზავნით აუცილებელ საჩივრებს და ყოველთვის ვესაუბრებით 1701-ე რეზოლუციის განმახორციელებელ კომიტეტს“, – განაცხადა ნაჯიბ მიქათმა.
კითხვაზე, ჰპირდება თუ არა საფრანგეთი, რომ 60-დღიანი ზავის დასრულებამდე ისრაელი ლიბანიდან ჯარს გამოიყვანს, ნაჯიბ მიქათის თქმით, ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
ახალი პრეზიდენტის არჩევა და ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელება, სავარაუდოდ, ლიბანის მიმართ საერთაშორისო ნდობას გაზრდის და გამოყოფს სახსრებს, რომელიც ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვისაა საჭირო. ამ ომის მიმდინარეობისას ლიბანში 4 000-ზე მეტი პირი დაიღუპა, 16 000-ზე მეტი კი დაიჭრა.