აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. თავის განცხადებაში მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის 2020 წლიდან გრძნობდა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობა მისთვის დიდი პატივი იყო. ჯო ბაიდენმა ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც ამერიკულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ქვეყანაში ძლიერდება ოლიგარქია, რადგან რამდენიმე მდიდარი ადამიანის ხელში დიდმა ძალაუფლებამ მოიყარა თავი.
„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არის იმ პოზიციაში, რომლიდანაც ჩვეულებრივ გააგრძელებს წარმატების მიღწევას. სწორედ ამიტომ ჩემს გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მინდა ქვეყანა გავაფრთხილო იმის შესახებ, რაც მაწუხებს. შემაშფოთებელი და საშიშია, როცა ძალაუფლება რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანის ხელშია. სახიფათო იქნება, თუ მათ მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები შეუმჩნეველი დარჩება. დღეს აშშ-ში ოლიგარქია ძლიერდება და საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩვენ ვხედავთ შედეგებს მთელ ამერიკაში და ეს ადრეც გვინახავს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ამერიკელი ხალხი წინ აღუდგა მძარცველ ბარონებს. მათ მდიდრები არ დაუსჯიათ, თუმცა აიძულეს თამაშის წესებს დამორჩილებოდნენ და მუშებისთვის სამართლიანად გადაეხადათ“, – ამბობს ჯო ბაიდენი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.
მოქმედმა პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე ხორციელდება. მან ისაუბრა მარკ ცუკერბერგის მიერ ე.წ. „ფაქტჩეკერების” გაუქმების ინიციატივაზე, რასაც ჯო ბაიდენი არ ეთანხმება.
„მე მაშინებს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების პოტენციალიც. ამან ჩვენს ქვეყანას შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას. ამერიკელები ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ზვავის ქვეშ არიან დამარხული და ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა. თავისუფალი მედია ჩამოშლის ზღვარზეა, სოციალურ ქსელებზე ფაქტები არ მოწმდება. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სიმართლე სიცრუით გადაფარეს. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და დავიცვათ ჩვენი შვილები, ოჯახი და დემოკრატია დეზინფორმაციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“, – ამბობს ჯო ბაიდენი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.
სიტყვის დასასრულს ის გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის საქმის დახურვის ფაქტს და აღნიშნა, რომ არცერთი პრეზიდენტი არ უნდა იყოს თავისუფალი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობისგან.
„ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები გვჭირდება, რათა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ არცერთი პრეზიდენტი არ არის ხელშეუხებელი, მან პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა. პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუზღუდავი არაა და არც უნდა იყოს. დემოკრატიას კიდევ ერთი რამ უქმნის საფრთხეს, თუ ძალაუფლება და სიმდიდრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელშია, ირღვევა ერთიანობა, ღვივდება განხეთქილება და უნდობლობა. ადამიანებს პროცესებში მონაწილეობა აღარ სურთ, რადგან ისინი გრძნობენ, რომ მათი ხმა აღარაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველგან უნდა ვიყოთ ჩართული. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ესაა ის, რაც აშშ-ს აშშ-დ აქცევს“,- ამბობს ჯო ბაიდენი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენის ვადა 2025 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამოიწურება.