უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომლის ფარგლებშიც ლიდერებმა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი განიხილეს. დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს. გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა 15 იანვარს გამართულ შეხვედრაზე რუსეთი სხვადასხვა ავიაკომპანიაზე მასშტაბური საჰაერო ტერორისტული კამპანიის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის პოზიციას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე დაიკავებს.
„ჩვენ ველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ამას ელოდება, რადგან ამერიკა სტრატეგიული პარტნიორია გლობალურ სტაბილურობაში. ეს არის ჩემი მოსაზრება. ამერიკა არის მთავარი დონორი, ის უკრაინას გადარჩენაში ეხმარება, რომელიც რუსეთის აგრესიას ებრძვის. ველით ამ მხარდაჭერის გაგრძელებას… ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ დონალდ ტრამპთან მომავალი შეხვედრის ადგილსა და ფორმატზე, სადაც საკვანძო საკითხებს განვიხილავთ. დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ახლა ომის დასრულება გვსურს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობის საფუძველზე. ამისთვის კი, გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი უკრაინაში ომს არ განაახლებს“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
„გუშინ ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკრაინისა და ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ არიან მოწადინებული, ვისაუბრეთ რუსეთის დივერსიული ქმედებების საპასუხო ერთობლივ ნაბიჯებზე… ვფიქრობ, ეს უკრაინისთვისაც მნიშვნელოვანია: ეს საბოტაჟის მცდელობები, სხვადასხვა ტიპის ომი, რომლებსაც რუსეთი მთელი ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აჩაღებს, ერთობლივ ქმედებებს მოითხოვს. პოლონეთი საკვანძო როლს ასრულებს ევროპაში დივერსიული აქტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, რომლებსაც რუსეთი არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე აორგანიზებს. რიგ შემთხვევებში, საბოტაჟისა და დივერსიის მცდელობები ძალიან დრამატული იყო. უახლესი ინფორმაციის დეტალებში არ შევალ, მაგრამ შემიძლია, დაგიდასტუროთ ამ შიშის მართებულობა. რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერაქტებს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ავიახაზის წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.