გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარია და სერბეთი მზად არიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლონ.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნიკოლა ბიდომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინფორმირებული იყო შვეიცარიის მზადყოფნის შესახებ, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის მისაღწევად.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ მზადაა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას ბელგრადში უმასპინძლოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა ჯერ არ მომზადებულა. თუმცა ტრამპის ახალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როგორი იქნება შეხვედრის ფორმატი, ამაზე ვმუშაობთ. თუმცა ველოდები, რომ საუბარი უახლოეს დღეებში ან კვირებში შედგება“, – ამბობს მაიკ უოლცი, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერი ტრამპთან შეხვედრისთვის დაბრკოლება იქნება. შვეიცარიის ან სერბეთის მთავრობა ვალდებული იქნება პუტინი დააპატიმროს. თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში საბჭოს უფლება აქვს გამონაკლისი დაუშვას.
დონალდ ტრამპმა, რომელიც აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარებას და ეჭვქვეშ აყენებდა ნატოში შეერთებული შტატების წევრობას, მოკავშირეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კიევსა და მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, ხოლო ომს ოცდაოთხ საათში დაასრულებს.