მთავარიმსოფლიოზელენსკი: „ტრამპს პუტინის შეჩერება შეუძლია, რადგან პუტინს მისი ეშინია"

ზელენსკი: „ტრამპს პუტინის შეჩერება შეუძლია, რადგან პუტინს მისი ეშინია”

„ტრამპს პუტინის შეჩერება შეუძლია, რადგან მას მისი ეშინია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტის ავტორ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

პოდკასტში, რომლის ხანგრძლივობაც სამ საათს აღემატება, უკრაინის პრეზიდენტმა ომის დასრულების გზებზე, პუტინის მიზნებსა და მასთან მოლაპარაკების პირობებზე, ამაში ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის როლსა და სხვა არაერთ საკითხზე ისაუბრა.

ინტერვიუერის კითხვას იმის თაობაზე, შედგება თუ არა შეხვედრა მას, პუტინსა და ტრამპს შორის, ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, დონალდ ტრამპთან უნდა შედგეს – უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ შეიძლება ომისა და პუტინის შეჩერება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა ტრამპისგან უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს მიიღებს, რუსეთთან ლაპარაკიც შესაძლებელი გახდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამდე კიევს უსაფრთხოების გარანტიები და იარაღი სჭირდება, რადგან სხვაგვარ მოცემულობაში პუტინი გარკვეული დროის შემდეგ ახალი შეტევის დაწყებას შეძლებს.

„უპირველეს ყოვლისა, ტრამპთან მოვილაპარაკებთ. შევთანხმდებით იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის მასთან მოლაპარაკება მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპა, რადგან მისი ნაწილი ვართ არა მხოლოდ გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად, არამედ ევროკავშირის თვალსაზრისითაც, რომლის ნაწილიც ვიქნებით.

ტრამპს პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ, რომ პუტინს მისი ეშინია. ეს ფაქტია. ტრამპი დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია და სამუდამოდ არ მოდის. ის პუტინი არ არის. ის 25 წლით არ მოვა. საკუთარი ვადით მოვა. მაგალითად, 4 წლით, მე-5 წელს კი, პუტინი ომს დაიწყებს. ტრამპი თავს უკეთ იგრძნობს, თუ მის დროს ომი არ იქნება, ამის შემდეგ კი უკრაინა განადგურდება?!“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ისაუბრა საქართველოზეც და აღნიშნა, რომ რუსეთმა ქვეყანა ევროპული რელსებიდან რუსულისკენ დააბრუნა და ახლა ჯერი მოლდოვაზე მიდგა, სადაც 2025 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„არ მინდა ვილაპარაკო ბანალურ საკითხებზე, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიიწევდა, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გაყინული კონფლიქტები აქვთ. მათ აფხაზეთში ის აქვთ, რაც ჩვენ დონბასში. იგი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლდება. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ მოკვდა, რადგან პუტინს ასე სურდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ ევროკავშირსა და ნატოში არ მიგიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავლენა არ დაკარგოს. მან საქართველო უკან მიაბრუნა. ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა. ისინი წავლენ. მათ ევროპაში ცხოვრება სურთ, განვითარება სურთ. ზოგი აშშ-ში წავა, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგიც ბრიტანეთში. ახლა პუტინი მოლდოვის პარლამენტისთვის იბრძოლებს. ეს მისი მეორე ნაბიჯია. აპრილში ნახავთ, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, რომ ის მოლდოვის ევროპისგან შემობრუნებას დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ევროპა სურთ. მას ეს არ ადარდებს. მოლდოვაში იქნება პრორუსული პარტია და ისინი ამჟამინდელ პრეზიდენტს რაღაცას მოუხერხებენ, რადგან მან არჩევნები მოიგო და ის პროევროპელია. შემდეგი ნაბიჯები სრულიად ცხადია. პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო, დაკარგული გავლენები დაიბრუნოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ომის პირველი დღეებიც და დიალოგი, რომელიც მასსა და ლუკაშენკას შორის შედგა: „ომის პირველ დღეებში ტელეფონით ლუკაშენკას ვესაუბრე. მან ბოდიში მოიხადა. მითხრა, ეს მე არ ვყოფილვარ. ჩემი ტერიტორიიდან რაკეტები გამოუშვეს და ეს პუტინმა გააკეთაო. ეს მისი სიტყვებია და მე მოწმეებიც მყავს. მან თქვა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ დამიჯერე, ვალოდია, მე არაფერ შუაში ვარ. ამას მე არ ვაკონტროლებ, ეს უბრალოდ რაკეტებია, ეს პუტინია… მე ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინა. მიპასუხა, რომ ეს მის გარეშე კეთდება.

მახსოვს ეს დიალოგი…

ვუთხარი, შენც მისნაირი მკვლელი ხარ-მეთქი. როგორც მან მითხრა, უნდა გაიგო, რომ რუსებს ვერ შეებრძოლებიო. როდესაც ვკითხე, როგორ დაუშვა, რომ რაკეტები მისი მიწიდან, ბელარუსიდან გვესროლეს… მითხრა, რომ შემეძლო საპასუხოდ დამერტყა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend