ძლიერმა თოვლმა ბალკანეთის ბევრ ქვეყანაში პრობლემები შექმნა. ქარბუქის შედეგად ყველაზე მეტად ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი ბოსნია დაზარალდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 200 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, უამრავი მოქალაქე გათბობისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე დასახლება გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. გზებზე 80 სანტიმეტრზე მეტი თოვლი დევს. ოფიციალური პირები გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართული, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი.
სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ვითარება საშინელებათა ჟანრის ფილმს ჰგავს. დიდთოვლობის გამო ავტომაგისტრალებზე 30-ზე მეტი ავტომობილი თოვლმა დაფარა.
მსგავსი ვითარებაა ხორვატიის გარკვეულ რეგიონებშიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა ქარბუქით დაზარალებულ რაიონებში, სადაც პარალელურად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უამინდობის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგისტრალი დაიკეტა, შეჩერებულია ტურისტთა მომსახურებაც.