ცეკვის ხელოვნება ლონდონის გამოფენაზე, ლუკა გუადანინოს მიერ შექმნილი ჩახშობილი სურვილის პორტრეტი ფილმში „ქვიარი“ (Queer) და ვარსკვლავური ომების სამყაროს შორეულ გალაქტიკაში მიმდინარე თავგადასავლები – ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმ კულტურული სიახლეებისა, რომლებსაც ევროპელები ამ კვირაში გვთავაზობენ.
საშობაო მარხვა დაიწყო და საშობაო განათებებიც ყველგან ჩართულია – ამას დეკემბერში ვერსად გაექცევი.
ვისაც ძალიან უყვარს წინასაშობაო მხიარულება შეუძლია ლიონში ლუმიერების სინათლის ფესტივალს ეწვიოს, სადაც 32 განათებული ინსტალაცია ამშვენებს ქალაქის ქუჩებსა და ზოგიერთ ისტორიულ ძეგლს. თუ ზარ-ზეიმისა და სიცივეს გინდა მოერიდო, ხელოვნება ყოველთვის გთავაზობს გამოსავალს.
შეგიძლია თადარიგი დაიჭირო ჰელსინკის მომავალი წელს დაგეგმილი ბიენალესთვის, რომლის მთავარი თემაც მცენარეები იქნება, ან ეწვიო რომის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ გალერეას, რომელიც ისევ ელის დამთვალიერებლებს ფუტურისტული ხელოვნების გამოფენაზე. აქ სანტა ნამდვილად არ დაგხვდებათ.
თუ ვერსად ვერ წახვედი, ყოველთვის შეგიძლია დაესწრო მილანში დიზაინის მუზეუმში მიმდინარე გამოფენას სახელწოდებით „არქიტექტურა ძაღლებისთვის“, რომელზეც ნამდვილად გაგახალისებთ ძაღლებისთვის შექმნილი ხუხულების ხილვა.
რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს. გამოფენებიდან გირჩევთ ეწვიოთ ფოტოგამოფენას, რომელიც მიმდინარეობს
თანამედროვე არქიტექტურაში ევროკავშირის დაჯილდოების ფარგლებში – EUmies Awards 2024, რომელსაც ხორვატიის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს დედაქალაქ ზაგრებში.
ეს დაჯილდოება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მის ვან დერ როეს დაჯილდოება“ (ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ლუდვიგ მის ვან დერ როეს პატივსაცემად), ევროპის საუკეთესო არქიტექტურას წარმოაჩენს.
ეს კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ევროპაში საუკეთესო შენობის გამოვლენას ემსახურება. წელს მთავარი პრიზი გადაეცა ქალაქ ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსის სასწავლო პავილიონს, რომლის პროექტიც არქიტექტორებს გუსტავ დიუზინგსა (Gustav Düsing) და მაქს ჰაკეს (Max Hacke) ეკუთვნის.
საერთო ჯამში მთავარ პრიზზე წარდგენილი იყო 362 პროექტი მსოფლიოს 38 ქვეყნიდან, რომლებიც ფოტოგამოფენაზეა გამოტანილი და ნათლად აჩვენებს, თუ რა მაღალი დონის ნამუშევრებს შორის ჩატარდა კონკურსი.
ეს გამოფენა მხოლოდ 12 დეკემბრამდე ელის მნახველს და მას აუცილებლად უნდა ეწვიონ არქიტექტურის მოყვარულები.
გამოფენა სახელწოდებით „უძრავი მოძრაობა: ცეკვა და ადამიანის სხეული მოძრაობის დროს“ „ვიქტორია მიროს ლონდონის გალერეაში“ (Victoria Miro’s London gallery) მიმდინარეობს.
მაინც როგორ უნდა დაიჭირო ადამიანის მოძრაობის უმცირესი დეტალები? საუკუნეების განმავლობაში ხელოვანები ცდილობდნენ ფუნჯისა თუ ფანქრის საშუალებით გადმოეცათ მოძრაობა, რომელიც ნახატზე ერთდროულად მოქნილიც უნდა ყოფილიყო და თავისუფალიც, თუმცა უძრავი, როგორც ხელში მომწყვდეული პატარა მოფართხალე ჩიტი.
ლონდონში ვიქტორია მიროს გალერეაში სწორედ იმ მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ცეკვისა და სხეულის მოძრაობას სწავლობენ. მათ შორის არის ხელოვან ფლორენს პიკის პერფორმანსიც და გლაზგოელი ხელოვანის ფრანს-ლიზ მაკგამის ნამუშევრებიც.
გამოფენა 2025 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება და მისი ნახვა ვირტუალურადა შესაძლებელია პლატფორმა Vortic-ზე.
რაც შეეხება ფილმებს, გატეხილი გულისა და ჰედონზიმის შთამბეჭდავ პორტრეტს ქმნის რეჟისორი ლუკა გუადანინო ფილმში „ქვიარი“ (Queer), რომელიც უილიამ სიუარდ ბეროუზის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები დანიელ კრეიგი და დრიუ სტარკი, მოგვითხრობს თუ როგორ უხილავად მართავს ჩახშობილი სურვილი ქცევას.
ეს ფილმი კრეიგის საუკეთესო ნამუშევარია და ევროპის კინოთეატრებში 13 დეკემბრიდან გავა.
ფილმი „კონკლავი“ (Conclave) პაპის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპის არჩევისას კარდინალთა ფარული ზრახვებისა და შავბნელი გარიგებების ამბავს გვიყვება, რომელიც საფრთხეს უქმნის რომის კათოლიკური ეკლესიის რეპუტაციას. ფილმში მსახიობთა შესანიშნავი დასია წარმოდგენილი, მათ შორის: რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი.
რაც შეეხება ტელევიზიას, Netflix-ის პლატფორმაზე გადის სერიალი „შავი მტრედები“ (‘Black Doves), რომელიც სავსეა საიდუმლო საქმეებით, შპიონაჟით, გინებითა და კოხტა საწვიმრებში გამოწკეპილი ტიპებით.
მთავარ როლებს ასრულებენ კირა ნაითლი, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსის ცოლს თამაშობს. მისი ქმარი ამავდროულად „შავი მტრედების“ ბანდის წევრია და მას სახელმწიფო საიდუმლოებებს უმჟღავნებს. ფილმში არის შობასთანა დაკავშირებული მომენტებიც და ბრიტანული იუმორიც, თუმცა საშინელი კადრებიც ბევრია.
Disney+-ის პლატფორმაზე ვარსკვლავური ომების კიდევ ერთი სერიალი გადის – Star Wars: Skeleton Crew. თუმცა არ არის აუცილებელი ყველა წინა სეზონი ნანახი გქონდეთ, ახალ სეზონს სავსებით დამოუკიდებელი სიუჟეტი აქვს.
რაც შეეხება მუსიკას, ბრიტანელი ჯაზის შემსრულებელი შაბაკა ახალი ალბომით დაბრუნდა სახელწოდებით „Possession“.
ალბომში ხუთი საუნდტრეკია და ჩაწერილია მსოფლიოში ჯაზისა და ჰიპ–ჰოპის ისეთი ცნობილი შემსრულებლებიც, როგორებიც არიან ბილი ვუდსი, Elucid-ი, ესპერანსა სპოლდინი, ნდუდუზო მახათინი და ანდრე 3000.
ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი