საფრანგეთის მთავრობა დაიშალა, მიშელ ბარნიეს მთავრობამ პარლამენტის ნდობა ვერ მოიპოვა. მისი ხელისუფლების დაშლას საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, უნდობლობის გამოსაცხადებლად კი, სულ 288 ხმა იყო საჭირო.
შედეგად, მიშელ ბარნიე საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე ხანმოკლე ვადის მქონე პრემიერ-მინისტრი გახდა, მას შემდეგ, რაც მემარჯვენე და მემარცხენე დეპუტატებმა, ,,ახალი სახალხო ფონტის“ და ,,ეროვნული ერთობის“ კანონმდებლებმა, მის გუნდს უნდობლობა ერთობლივად გამოუცხადეს.
მიშელ ბარნიეს მთავრობამ, რომელიც ძირითადად ცენტრისტი და მემარჯვენე მინისტრებისგან შედგებოდა, ხელისუფლებაში სულ 74 დღე გაატარა.
1962 წლის შემდეგ ეს საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი მთავრობას უნდობლობა უცხადებს. მარინ ლე პენის მემარჯვენე პარტიამ და მემარცხენე ,,სახალხო ფრონტმა“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა მას შემდეგ წარადგინეს, რაც მიშელ ბარნიემ 2025 წლის სადავო ბიუჯეტის საპარლამენტო მხარდაჭერის გარეშე დამტკიცების კონსტიტუციური მექანიზმი აამოქმედა.
მიზეზად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღრმა პოლიტიკური დაყოფის ფონზე, სტაბილურობის შენარჩუნებას ასახელებდა. ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თანამდებობას ვადის ამოწურვამდე, 2027 წლამდე დატოვებას არ აპირებს.