მთავარიაზიაისრაელიისრაელში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დრეიფუსის საქმეს შეადარეს

ისრაელში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დრეიფუსის საქმეს შეადარეს

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ანტისემიტური გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ დრეიფუსის სასამართლო პროცესის ტოლფასია“ – ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერები გასცა.

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელს საკუთარი მოქალაქეების დაცვაში ხელს ვერ შეუშლის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერები დღეს, 21 ნოემბერს გამოსცა. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასტურად, რომ სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე, ნეთანიაჰუმ და გალანტმა ღაზის მოსახლეობა გადარჩენისთვის საჭირო რესურსების, მათ შორის, საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგების, ასევე, საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე განზრახ დატოვეს.

ანგარიშის მიხედვით, ნეთანიაჰუსა და გალანტის ქმედებებმა ხელი შეუშალა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, მიეწოდებინათ საკვები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები ღაზის მოსახლეობისთვის.

სასამართლომ გასცა „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დეიფი 2024 წლის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმისას მოკლეს.

ისრაელი, ისევე როგორც მისი მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend