დანიისა და სკანდინავიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები წყალქვეშა კაბელებს ამოწმებენ. ბალტიის ზღვაში მოულოდნელად დაზიანდა ორი კაბელი, რომლებიც გერმანიასა და ფინეთს, აგრეთვე, შვედეთსა და ლიეტუვას შორის იყო გაყვანილი.
„არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ შემთხვევას საფუძვლიანად და სერიოზულად ვიკვლევთ. აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და შვედეთის ხელისუფლებებს დივერსიასა და საბოტაჟზე აქვთ ეჭვი. თუ ასეა, მაშინ ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – ამბობს დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი.
დანიის სამხედრო ძალები ამბობენ, რომ დანიის წყლებში ჩინური გემის მონიტორინგი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროში მისი შემოწმება წყალქვეშა კაბელების დაზიანებიდან ორი დღის შემდეგ დაიწყეს.
ამჟამად ჩინური გემი დანიასა და შვედეთს შორის, კატეგატის სრუტეშია, გაჩერებული.