ბერლინში რუსეთის ოპოზიციის აქტივისტებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობაში უკრაინელებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ რუსეთის საზოგადოება არ აკეთებს საკმარისს და ვლადიმერ პუტინთან ერთად მათაც ეკისრებათ კოლექტიური პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
უკვე მეათასე დღეა, რაც უკრაინაში ომია. უკრაინელები გაბრაზებულები არიან რუსეთის მოსახლეობაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი არასაკმარისს აკეთებენ იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. რუსეთის ოპოზიციის აქტივისტებმა იულია ნავალნაიამ, ილია იაშინმა და ვლადიმირ კარა-მურზამ ბერლინში მსვლელობა მოაწყვეს და უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტეს.
Спасибо каждому, кто пришел. Спасибо всем, кто поддержал.
Нет Путину. Нет войне. Свободу политзаключенным.
Путин – убийца. pic.twitter.com/bgd5wFCch5— Yulia Navalnaya (@yulia_navalnaya) November 17, 2024
მსვლელობის მონაწილე სერგეი ამბობს, რომ რუსი და პუტინისტი ერთი და იგივე არ არის. კრემლის პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთელი ერი ასოცირდებოდეს იმ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც ქვეყანაში ძალაუფლება აქვს მიტაცებული.
თუმცა ბევრი უკრაინელი ფიქრობს, რომ მხოლოდ პუტინის დადანაშაულება არ არის სწორი. ისინი ომზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას რუსეთის მოსახლეობასაც აკისრებენ.
მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ლიდია ამბობს, რომ ისინი ბევრნი არიან, მათ შეეძლოთ რეჟიმის დამხობა, თუმცა არც ქუჩაში გამოსულან და არც არაფერი გაუკეთებიათ მის წინააღმდეგ.
ჰალინა გერმანიაში უკვე ორი წელია ცხოვრობს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, პუტინის ომის წინააღმდეგ რუსებიც რომ გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ომია.
რუსი აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელმაც უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოსვლის გამო რუსეთის ციხეში ორწელიწად-ნახევარი გაატარა, ამაყობს იმით, რომ ამდენი რუსი თანამოქალაქე 2022 წლის თებერვლის შემდეგ საჯაროდ საუბრობს უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ომზე. ბევრი მათგანი ამას პირადი თავისუფლების ფასადაც კი აკეთებს. მისი თქმით, დღეს რუსეთში პოლიტპატიმრების რეკორდული რაოდენობაა. დღეს უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე მთელ საბჭოთა კავშირში 1980-იან წლებთან შედარებით. ვლადიმირ კარა-მურზა დასძენს, რომ პუტინი რუსეთის იმ მოქალაქეებს აკავებს, რომლებიც საჯაროდ გამოდიოდნენ პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ.
უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ დაწყებული მშვიდობის მსვლელობა შესაძლოა იყოს პირველი კოლექტიური ნაბიჯი, რომელიც რუსულმა საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად გადადგა. თუმცა ბევრი უკრაინელი თანხმდება, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, გასაკეთებელი უფრო მეტია.