აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, უკვე დასრულდა. 48 შტატისა და კოლუმბიის ოლქის შედეგები უკვე ცნობილია. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება. 1892 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც ოთხი წლის შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს.
არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა შვიდ მერყევ შტატს ჰქონდა, ესენია: ჯორჯია, უისკონსინი, ჩრდილოეთი კაროლინა, მიჩიგანი, არიზონა, ნევადა და პენსილვანია. ტრამპმა გამარჯვება მოახერხა ხუთ საკვანძო შტატში, ხოლო არიზონასა და ნევადაში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ორივე შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა უკვე მიმართეს საკუთარ ამომრჩევლებს. კამალა ჰარისი ამბობს, რომ მან უკვე დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ამომრჩეველსაც შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს. ჰარისის თქმით, ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი სწორედ ისაა, რომ კანდიდატმა არჩევნებში დამარცხება აღიაროს, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული და ყველაფერი წინაა.
„მესმის, ახლა რასაც განიცდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ არჩევნების შედეგები. დღეს მე ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე და გამარჯვებაც მივულოცე. აგრეთვე, დავპირდი, რომ დავეხმარებით მასა და მის გუნდს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაიბარონ. ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი ისაა, რომ როდესაც არჩევნებს წავაგებთ, ჩვენ შედეგებს ვაღიარებთ. ეს არის პრინციპი, რომელიც განასხვავებს დემოკრატიას მონარქიისგან ან ტირანიისგან და ვისაც სურს საზოგადოების ნდობის მოპოვება, პატივი უნდა სცეს ამ პრინციპს. ამავდროულად, ჩვენ ერთგული ვართ არა პრეზიდენტის ან პარტიის, არამედ აშშ-ის კონსტიტუციის. მინდა, მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიყურებენ. მე თქვენ მიყვარხართ! ნორმალურია, თავს სევდიანად და იმედგაცრუებულად რომ გრძნობთ. თუმცა იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხშირად ვამბობდი: როცა ვიბრძვით, აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა ხანდახან ბრძოლას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დავნებდეთ, არასდროს შევწყვიტოთ იმის მცდელობა, რომ ეს სამყარო უკეთესი გავხადოთ. თქვენ ძალა გაქვთ და არასდროს მოუსმინოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ რაღაცას ვერ შეძლებთ, რადგან აქამდე ვერავინ შეძლო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოში დიდი სიკეთე აკეთოთ. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, არ მიეცეთ სასოწარკვეთას. ხელის ჩაქნევის დრო არ არის. ახლა იმის დროა, რომ დიდი შრომისთვის მოვემზადოთ“, – ამბობს კამალა ჰარისი.
We must accept the results of this election.
Earlier today, I spoke with President Trump and congratulated him on his victory. I told him that we will help him and his team with that transition, and we will engage in a peaceful transfer of power.
— Kamala Harris (@KamalaHarris) November 6, 2024
ამომრჩეველს სიტყვით მიმართა დონალდ ტრამპმაც და დასძინა, რომ ქვეყანას გაჯანსაღება სჭირდება და ის ამას მოახერხებს.
„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ეს არაჩვეულებრივია. ამ მოძრაობაში ჩვენ ათასობით მეგობარი გვყავს. ეს არის მოძრაობა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. გულწრფელად გეტყვით, მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველა დროის უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა. არასდროს მსგავსი რამ, ქვეყანასა და მის საზღვრებს გარეთ, არ ყოფილა. ახლა კი ეს მოძრაობა ახალ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა გავაჯანსაღოთ. ჩვენს ქვეყანას სერიოზული დახმარება სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ სიტუაცია საზღვარზე. ვაპირებთ, გამოვასწოროთ ყველაფერი ამ ქვეყანაში. კონკრეტული მიზნებიც გვაქვს. ჩვენ გადავლახეთ ყველა ის დაბრკოლება, რომელთა გადაჭრაც შეუძლებლად მიაჩნდათ. ახლა კი მივაღწიეთ გასაოცარ პოლიტიკურ წარმატებას. შეხედეთ, რა მოხდა, განა ეს სიგიჟე არ არის?“ – ამბობს დონალდ ტრამპი.
პარალელურად, მიმდინარეობს სენატისა და ახალი მოწვევის კონგრესის არჩევნები. „რესპუბლიკურმა პარტიამ” სენატში უმრავლესობა უკვე მოიპოვა და მას ამ დროისთვის 52 სენატორი ჰყავს, დემოკრატებს – 45. პენსილვანიაში, არიზონასა და ნევადაში ხმის დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
კონგრესში უმრავლესობისთვის მინიმუმ 219 ადგილია საჭირო. საქართველოს დროით, დილის რვა საათის მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას” 205 ადგილი აქვს, ხოლო დემოკრატიულ პარტიას – 190. მონაცემები განახლებადია.