მთავარიმსოფლიოევროპაევროპის უსაფრთხოება და ტრამპის ამერიკა - ბუდაპეშტის სამიტის მთავარი გზავნილები

ევროპის უსაფრთხოება და ტრამპის ამერიკა – ბუდაპეშტის სამიტის მთავარი გზავნილები

როგორ გავუმკლავდეთ დონალდ ტრამპს? – ამ და სხვა პოლიტიკურ გამოწვევებზე სასაუბროდ 50-მდე ევროპელი ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეიკრიბა.

როგორც ექსპერტები თვეების განმავლობაში იუწყებოდნენ, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდეც ეჭვგარეშე იყო, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები იგივე არ იქნებოდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, ევროპელი ლიდერები მკვეთრ ცვლილებებს ელიან.

სამიტს ევროპაში პრეზიდენტ ტრამპის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.

,,ევროპაში რთული ვითარებაა, რთული და საშიში. უკრაინის წინააღმდეგ ომის მესამე წელია, ახლო აღმოსავლეთს ცეცხლი უკიდია ტერორისტული თავდასხმების გამო და კონფლიქტი შესაძლოა, გამწვავდეს.

დღეს შევიკრიბეთ, რადგან გვჯერა, რომ ეს საფრთხეები და გამოწვევები ყველას გვეხება. დღეს მიღებული პასუხები განსაზღვრავს ევროპის მომავალს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვარ, ვიდრე ცალ-ცალკე“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

სამიტის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

რესპუბლიკური კანდიდატის გამარჯვებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

,,ბევრის მსგავსად, მე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ევროკავშირის არ აფასებს, დონალდ ტრამპის არჩევა კარგია თუ ცუდი. იგი ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ეს არის ლეგიტიმური და კარგი. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, ვართ თუ არა მზად ჩვენ, დავიცვათ ევროპელების ინტერესები? ეს არის ერთადერთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ.

გვგონია, რომ გეოპოლიტიკა აშშ-ს უნდა გადავაბაროთ. ზრდის მოდელი კი ჩინელ მომხმარებლებს. გვგონია, რომ ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის ამერიკელებს უნდა მივენდოთ. ეს არ არის კარგი იდეა. ვფიქრობ, უახლოეს ათწლეულში ჩვენ კონტროლის დაბრუნება შეგვიძლია. სამყარო ბალახეულისა და ხორცისმჭამლებისგან შედგება. თუ გადავწყვეტთ ბალახისმჭამელებად დარჩენას მტაცებლები გაიმარჯვებენ“ , – ემანუელ მაკრონი.

სამიტზე ევროპელი ლიდერები ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპაში რუსეთის აგრესიის თავიდან აცილების გზებსაც განიხილავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არამხოლოდ დიპლომატიური მხარდაჭერა, არამედ სათანადო შეიარაღება სჭირდება და რომ პუტინთან ,,დათმობებზე“ წასვლა ომს ვერ დაასრულებს.

,,ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად ომს აწარმოებს ევროპაში. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე, ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ.

დიდ ბრიტანეთში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ, ბევრი საუბრობდა პუტინისთვის ,,დათმობის“, უკან დახევის აუცილებლობაზე. ამას ევროპაშიც კი ზოგიერთი ლიდერი მტკიცედ უჭერდა მხარს. ეს მიუღებელია უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ევროპამ უნდა შეეცადოს, მოიპოვოს კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობა იმ იმედით, რომ ის შეუნარჩუნებს ევროპას მშვიდობას? ამას ვერ წარმოიდგენდა ვერცერთი ძლიერი ლიდერი, ვინც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი ევროპის შენებაში შეიტანა წვლილი” ,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსოფლიო დემოკრატიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვისას ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და მოლდოვაში გამართულ არჩევნებზეც ისაუბრა.

,,საქართველოსა და მოლდოვაში არაერთი თავდასხმა ვიხილეთ. კიბერ-შეტევები, ხმების მოსყიდვა, მანიპულაცია… ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მსურს, მივულოცო მაია სანდუს ხელახლა პრეზიდენტად არჩევა და იმედი მაქვს, საქართველო შეძლებს თავისი ევროპული არჩევანის და დემოკრატიული მოდელის გამყარებას”, – ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-5 სამიტის შემდეგ, 9 ნოემბერს ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას დაესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ,,ევროპის კონკურენტუნარიანობის ახალი შეთანხმების“ შემუშავება, რომელიც მარიო დრაგის რეკომენდაციებს ეფუძნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend