ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთი კვირა გავიდა. თუმცა ჯერ კიდევ გრძელდება 89 უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით, დამანგრეველ სტიქიას 217 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა აღმოსავლეთ პროვინციაში, ვალენსიაში, დაიღუპა.
ერთ-ერთი დაზარალებული ხორხე ტარასონა ჰყვება, რომ მისი ძმის ოჯახი დახმარებას ელოდებოდა, როდესაც უეცრად წყალი მოვარდა. მისი ძმა წყლის ნაკადმა გაიტაცა და ღობესთან გაიჭედა, რძალი კი ავტომობილიდან ვერ გადმოვიდა და შვილთან ერთად დაიღუპა.
ქუჩებში უამრავი მოხალისე გამოვიდა, რათა დახმარებოდნენ სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ესპანეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
ერთ-ერთი მოხალისე ხესუს მარტინესი ამბობს, რომ ეს ტალახიც მომწამვლელი ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, რადგან ირგვლივ საღებავისა და საწვავის სუნი დგას.
ესპანელი სამხედროები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. მიწისქვეშა ავტოსადგომებში ამოტუმბვითი სამუშაოები გასულ უქმეებზე დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად 10 მილიარდ ევროს გამოყოფს.