მთავარიკულტურადიდი მუსიკოსი გიდონ კრემერი თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად უკრავს

დიდი მუსიკოსი გიდონ კრემერი თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად უკრავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი რეპეტიციისთვის ემზადება. ისინი ლეგენდარულ მევიოლინესთან გიდონ კრემერთან და მევიოლინე მადარა პეტერსონთან  ერთად მართავენ კონცერტს. კონცერტს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობს.

„ძალიან კარგად ჩაიარა რეპეტიციებმა, გიდონ კრემერი  თამამად გასცემდა რჩევებს, ძალიან აქტიურად იყო სარეპეტიციო პროცესში ჩართული. ასევე მადარა პეტერსონი, მან თავისი ახალგაზრდა კოლეგა ჩამოიყვანა. გიდონ კრემერი გია ყანჩელის სავიოლინო თხზულებების ხშირ შემთხვევაში პირველი შემსრულებელი და ჩამწერი იყო და ძალიან კარგად გრძნობს მის მუსიკას, ეს ჩვენთვის, ახალგაზრდული ორკესტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად, ჩვენ ყველა და მეც მათი თაობის წარმომადგენელი ვარ, ყველა გავიზარდეთ გიდონ კრამერის ჩანაწერებზე და როცა ასეთი მევიოლინე  გვერდზე გიდგას სცენაზე ეს ძალიან ამაღელვებელია. ყოველთვის გვინდოდა, ასეთი დიდი არტისტების ჩვენთან მოწვევა. ერთ-ერთი საუბრისა გავიგე, რომ მას ჰქონდა თავის კონცერტებს შორის 1 კვირა თავისუფალი, შევთავაზეთ, ძალიან გაუხარდა და უსასყიდლოდ ჩამოვიდა, საქართველო ძალიან უყვარს, ძალიან ძვირფასია მისთვის ქართველი ხალხი, ქართველი ახალგაზრდობა და გადაწყვიტა რომ ჩამოსულიყო და გვერდში დასდგომოდა ახალგაზრდებს“, – ამბობს მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 5 წლის წინ დაარსდა. იგი დიდი  ქართველი მუსიკოსის, გია ყანჩელის სახელს ატარებს.  სწორედ მის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს Twilight-ს ასრულებენ თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიდონ კრემერი და მადარა პეტერსონი ახალგაზრდულ  ორკესტრთან ერთად.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში, თბილისში და ვუკრავ გია ყანჩელის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად. ჩემთვის გია ყანჩელი საქართველოს სიმბოლოა, მე მას ვიცნობდი და სამწუხაროდ, ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი მუსიკა მუდამ ჩვენთანაა, რომელშიც ნამდვილად იგრძნობა მისი სული. ახალგაზრდულ ორკესტრში მუსიკოსები ძალიან გულღიები და გულანთებულები არიან, მათ ამ სამყაროს შეცნობა სურთ.  ისინი სიმართლისთვის იბრძვიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსი გეტყვით, რომ ჩვენი, მუსიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ეს სამყარო უკეთესი გავხადოთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სცენაზე ვარ ამ საოცარ ორკესტრთან, ჩვენს დირიჟორთან მირიანთან და მაესტრო გიდონ კრემერთან“, – ამბობს მევიოლინე მადარა პეტერსონი.

ორკესტრი გიდონ კრემერთან ერთად, თბილისში ასევე ასრულებს ვაინბერგის სავიოლინო კონცერტსა და შუბერტის პოლონეზს. ახალგაზრდული ორკესტრის წევრები ამბობენ, რომ ასეთი დიდი მუსიკოსების მიერ გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვუკრავთ ლეგენდასთან. ძალიან მოხარულები ვართ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი მუშაობა. გვაქვს ძალიან საინტერესოდ შერჩეული პროგრამა, რომელშიც არის ბევრი საინტერესო დეტალი, ვიღებთ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას სოლისტისგან. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწარმოები არის ვაინბერგის სავიოლინო კონცერტი, ის არის მეოცე საუკუნეში დაწერილი მუსიკა და იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სახასიათო დეტალი, რომელიც შეესაბამება იმ პერიოდს“, – ამბობს ორკესტრის კონცერტმაისტერი დავით აკოფიანი.

ახალგაზრდული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

„ახალგაზრდულ ორკესტრს მალე ექნება კამერული მუსიკის კონცერტი, დეკემბერში გადაერთვება საახალწლო კონცერტების სერიაზე, გვექნება კონცერტი გამორჩეულ ქართულ ბენდთან Bedford falls-თან ასევე  ტრადიციული საახალწლო კონცერტები”

მერე ცოტას დავისვენებთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადებითო” – ამბობს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend