ლედი გაგა, ოპრა უინფრი, ჯო როგანი, ტეილორ სვიფტი, ლეონარდო დიკაპრიო, ილონ მასკი და ემინემი: ეს იმ ცნობილი სახეების მოკლე ჩამონათვილია, ვინც აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს სასურველ კანდიდატს საჯაროდ დაუჭირა მხარი.
ბევრმა მათგანმა ხმა ადრე მისცა და საკუთარი გულშემატკივრების წასახალისებლად, იმავე კანდიდატისთვის მიეცათ ხმა – სოციალურ მედიაში ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
როგორც წესი, ცნობილი სახეები, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროს წარმომადგენლები დემოკრატიული პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს. წლევანდელ არჩევნებშიც, მათ უმრავლესობას კამალა ჰარისის გამარჯვების იმედი ჰქონდა.
,,მიეცით ხმა დემოკრატიას, მიეცით ხმა სიყვარულს და პატივისცემას. მიეცით ხმა თქვენს ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და საზოგადოებას. მიეცით ხმა პრესის თავისუფლებას, რეპროდუცქიულ თავისუფლებას, ხმის მიცემის და წიგნების კითხვის თავისუფლებას. მიეცით ხმა სკოლაში სიარულის და რელიგიისგან განცალკევებული განათლების მიღების უფლებას. მიეცით ხმა მომავალს და წესიერებას. ყველა ამ და სხვა მიზეზების გამო მე მივეცი ხმა კამალა ჰარისს და ტიმ უოლზს“, – წერს პინკი ინსტაგრამზე.
მართალია, არჩევნების დღეს არც ისე ბევრი ,,ჰოლივუდელი რესპუბლიკელი“ მოუწოდებდა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ თუმცა, დონალდ ტრამპს მხარს უჭერდნენ კანიე უესტი, მელ გიბსონი, ილონ მასკი, ქეითლინ ჯენერი და სხვები.
ილონ მასკი
,,ჩემი მკვლელობის რისკი მკვეთრად გაიზარდა… პოლიტიკაში ჩართვა არ არის ის, რისი გაკეთებაც მინდა. სიკვდილის სურვილი არ მაქვს. მაგრამ სასწორზე იმდენად ბევრი რამ დევს, რომ არჩევანი არ მაქვს.“
იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში რამდენად ახდენს გავლენას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ცნობილი ადამიანების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა კომპანიამ ,,იუგოვმა“ გამოკითხვა ჩაატარა.
ბოლოდროინდელი იუგოვის გამოკითხვის თანახმად, ბევრი ამერიკელი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში არ ჩაერევიან. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით ბევრი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი იზიარებს.
კვლევის თანახმად, დაახლოებით მხოლოდ ყოველი მეათე ამერიკელი ამბობს, რომ ცნობილი ადამიანის გამო შეიცვალა მიდგომა პოლიტიკური საკითხის მიმართ. კიდევ უფრო ნაკლები, სულ რაღაც 7% ამბობს, რომ პოლიტიკურ კანდიდატს ცნობილი ადამიანის პოზიციის გამო დაუჭირა მხარი.
როგორც ირკვევა, ცნობილი სახეების პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართულობა მათ რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ გაცხადებული პოლიტიკური პოზიციის გამო, ამა თუ იმ ცნობილ ადამიანზე წარმოდგენა დაკარგა.