ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. ნეთანიაჰუს განცხადება ისრაელელებისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ისრაელის მთავრობამ წყლის ჭავლიც კი გამოიყენა აქციაზე მყოფი ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ.
„ომის პირველ თვეებში ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში „სამწუხაროდ, ის ნდობა, რომელიც ჩვენსა და თავდაცვის მინისტრს შორის არსებობდა, შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა და რაც ყველაზე ცუდია, მტერმაც შეიტყო. მათ ეს გამოიყენეს და დიდი სარგებელიც ნახეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თუმცა საინტერესოა, რა იყო ის რეალური მიზეზი, რომლის გამოც ბენიამინ ნეთანიჰუმ გალანტი გაათავისუფლა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის ლიდერებს თვეების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ ღაზაში ისრაელის 13-თვიანი ომის მიზნებთან დაკავშირებით. გალანტი თვლის, რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლამ შექმნა აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ დიპლომატიური შეთანხმება გაფორმებულიყო. ამ შეთანხმების წყალობით შეიძლებოდა მძევლების სამშობლოში დაბრუნება. თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას. ნეთანიაჰუ ასევე არ იზიარებდა გალანტის ინიციატივას, რომელიც ოფიციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. კომისიას უნდა გამოეძიებინა, რამ გამოიწვია 7 ოქტომბერს წარუმატებლობა, ეს იყო პოლიტიკური მიზეზი თუ უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფა, რის გამოც დახოცეს 1200 ადამიანი და 250 კი მძევლად აიყვანეს. ნეთანიაჰუს აზრით, გამოძიება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.
„ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება იყო და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მისია”, – ამის შესახებ იოავ გალანტმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე კი მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც კვლავ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებაზე საუბრობდა.
ביטחון מדינת ישראל היה ותמיד יישאר משימת חיי 🇮🇱🇮🇱
— יואב גלנט – Yoav Gallant (@yoavgallant) November 5, 2024
„ჩვენი მორალური და ეთიკური ვალდებულებაა ჩვენი ვაჟებისა და ქალიშვილების, „ჰამასის“ პატიმრობაში მყოფი მძევლების დაბრუნება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და ოჯახებში. ჩემი გამოცდილებითა და გასული წლის სამხედრო მიღწევებისა და არსებული სიტუაციის ფართო პერსპექტივის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საკითხზე კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცახადა ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
უკვე ცნობილია, რომ იოავ გალანტს შეცვლის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი, მის თანამდებობას კი გიდეონ საარი დაიკავებს.
სამხედროები უკვე დიდი ხანია ემხრობიან საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების სახლში დაბრუნებას. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორში მმართველ ორგანიზაციასა და შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, საბოლოოდ არ განადგურდება.