„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კრემლის არმიამ ორი მნიშვნელოვანი კონტრშეტევა განახორციელა. შედეგად კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის ნაწილი შემცირდა. ქალაქ სუჯიდან ჩრდილო-დასავლეთით დასახლება პოგრებკისთან უკრაინულმა ძალებმა ოცეულის დონის რუსული მექანიზებული იერიში, მართალია, მოიგერიეს, თუმცა, როგორც ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, კრემლის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით მაინც წაიწია წინ.
„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს დასახლება პოგრებკის დასავლეთი ფლანგი;
31 ოქტომბრის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს ტოლსტიი ლუგის ჩრდილოეთ ფლანგზე;
კრემლი აიძულებს რუს სამხედროებს, კურსკის ოლქში ფრონტალურ ბრძოლაში ჩაებან, რაც მსხვერპლის რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის“, – აღნიშნულია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში.
სწორედ კურსკის ოლქზე საუბრობენ დასავლეთში, რომ პუტინის არმია ჩრდილოეთ კორეიდან გამოგზავნილ სამხედროებს იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთკორეულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთს ფხენიანისა და მოსკოვის სამხედრო პარტნიორობის შესახებ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის აგვისტოში დაწყებული იერიში რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მხოლოდ ბუფერული ზონის შექმნას ისახავდა მიზნად.
I gave an interview to South Korea’s KBS, stressing North Korea’s official role in this war. It’s not just weapons or workers in Russian factories—North Korean soldiers are in Kursk, our occupied territories, preparing to fight Ukraine. This is a war of two countries against one. pic.twitter.com/4txmeUW1DB
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 31, 2024
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანის სამხედროების ბრძოლაში ჩართვის საკითხს აშშ მოკავშირეებთან მოლაპარაკების დროს ინტენსიურად განიხილავს.
„ჩვენი ინფორმაციით, პუტინის ძალებმა ჩრდილოკორეელი სამხედროები საარტილერიო და დრონებით ოპერაციებისთვის მოამზადეს. მათ ასევე გაიარეს წვრთნები იმისთვის, რომ ძირითად საბრძოლო მოქმედებებსა და სანგრებში ბრძოლაშიც ჩართულიყვნენ. კრემლმა მოამარაგა კორეელი სამხედროები რუსული უნიფორმებითა და აღჭურვილობით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი უცხოური ძალების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, თუ რა პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს“, – ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
ურთულესი ვითარებაა დონეცკის ფლანგზე. მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, რუსული არმია ინტენსიურად უტევს დასახლება ჩასივ-იარის, სივერსკის, პოკროვსკისა და მთლიანად დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ლუჰანსკის დაჯგუფების სპიკერმა მაიორმა ანასტასია ბობოვნიკოვამ განაცხადა, რომ ტორეცკის მიმართულებით რუსებმა სახმელეთო იერიშები შეამცირეს, თუმცა საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, კრემლის არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია.
„რუსულმა ძალებმა დაიკავეს დასახლება სელიდოვე;
კრემლის არმიამ წინ წაიწია დასახლებების – კრემინის, ვოვჩენკისა და კურახივკის ფლანგებზე;
ერთ დღეში რუსული არმია დონეცკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში 9 მიმართულებაზე დაწინაურდა“, – აღნიშნულია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშში.
Ukrainian forces recently regained positions near Pokrovsk.
Russian forces recently advanced in Kursk Oblast and near Kreminna, Chasiv Yar, Pokrovsk, and Kurakhove. https://t.co/dp4bnxzk2V pic.twitter.com/i6VgWYgms9
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) October 31, 2024
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, საოკუპაციო არმია კვლავ ინტენსიურად იყენებს მართვად საავიაციო ბომბებს. ერთ დღეში ასეთი 108 იერიში განახორციელეს რუსებმა. განსაკუთრებით აქტიური იყო საარტილერიო შეტევა. ოფიციალური მონაცემებით, კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ასევე ერთ დღეში 4241-ჯერ დაბომბა რუსულმა არტილერიამ. სამხედრო მიმომხილველები ფრონტზე შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული იერიშების ყველაზე აქტიური ადგილი დონეცკის ოლქში პოკროვსკის ფლანგია. აქ კრემლს დღეში რამდენჯერმე მიაქვს იერიში. როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, კრემლი ჭარბი ცოცხალი ძალით, ანუ ე.წ. საზარბაზნე ხორცით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას.