მთავარიევროპარუსეთირუსეთში საბჭოთა კავშირის მიერ რეპრესირებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთში საბჭოთა კავშირის მიერ რეპრესირებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთში იოსებ სტალინის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღე აღნიშნეს და საბჭოთა ბანაკებში გაგზავნილი მილიონობით ადამიანი გაიხსენეს.

მოსკოვის სამხრეთით, ბუტოვოს მიმდებარედ რუსეთის მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს იმ ათასობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც სტალინის რეპრესიებს შეეწირნენ.

ბუტოვოს პოლიგონი 1930 წლიდან  1953 წლამდე, სტალინის გარდაცვალებამდე სიკვდილით დასასჯელად გამოიყენებოდა. მხოლოდ 1937-38 წლებში აქ 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ეკლესიის მსახურები და მხატვრები.

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ მაგადანში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე წაიკითხეს საბჭოთა კავშირის მსხვერპლთა სახელები.

„ბიძაჩემი 1938 წელს დააპატიმრეს, ზუსტად ერთ თვეში კი სიკვდილით დასაჯეს. ის მაშინ 25 წლის იყო. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა, არც მშობლები და არც ნათესავები, უბრალოდ დააკავეს, როგორც ამას აკეთებდნენ მაშინ, ჩუმად. ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ  დახვრიტეს“, – ამბობს მაგადანის მკვიდრი ნინა როსტოვსკაია.

საბჭოთა კავშირის მიერ რეპრესირებულთა პატივსაცემად აღმართული ძეგლი მდებარეობს ყოფილ სატრანზიტო პუნქტზე, რომლის მეშვეობითაც პატიმრები რეგიონის ბანაკებში გადაჰყავდათ.

პოლიტიკური რეპრესიების კამპანია, რომელიც  1930-იან წლებში მიმდინარეობდა, შეეხო მთელ საზოგადოებას, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და პროფესიის ადამიანს, გლეხებს, ხელისუფლებისა და სამხედრო მაღალჩინოსნებს.

თანამედროვე ისტორიული კვლევებით 1937-38 წლებში საბჭოთა რეპრესიებს დაახლოებით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეპრესიები 1953 წლამდე გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend