უძრავის ქონების მაგნატი, სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი და ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, რომელიც აპირებს, პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ არჩევნებში დამარცხებიდან ოთხი წლის თავზე თეთრ სახლში დაბრუნდეს. შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 5 ნოემბერს გაირკვევა.
ყოფილი პრეზიდენტი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში მოიპოვა. მალევე მამისგან, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია მიიღო. მისი კარიერა უძრავი ქონების ინდუსტრიაში 1970-იანი წლების ბოლოს სასტუმროების, კაზინოებისა და გოლფის მოედნების პროექტებით დაიწყო. 1979-1983 წლებში მან „ტრამპ თაუერი“ ააშენა, რაც ტრამპის უძრავი ქონების იმპერიის სიმბოლოდ იქცა.
1990-ანი წლების დასაწყისში მომავალი პრეზიდენტი გაკოტრების პირას იყო და ქონების ნაწილის გაყიდვა მოუწია, თუმცა 2000-იანი წლებიდან უძრავი ქონების ფასების ზრდამ ტრამპის ქონებაც სწრაფად გაზარდა.
დონალდ ტრამპი 1987 წელს რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა. 1999 წელს კი, რეფორმების პარტიაში გადავიდა. უკვე ძალიან წარმატებულმა ბიზნესმენმა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სცადა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა.
2016 წელს ტრამპმა საპრეზიდენტო რბოლაში დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ოვალური კაბინეტი ოთხი წლით დაიკავა. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო ყურადღება მიიპყრო. ყალბი ან სადავო იყო არაერთი განცხადება, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა კამპანიის მიმდინარეობისას გააკეთა.
უკვე პრეზიდენტობისას კი, იგი ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთ პრეზიდენტად იქცა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 2020 წელს სენატმა ტრამპს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, 2021 წელს კი, ამბოხის წაქეზება დასდო ბრალად. მაშინ ტრამპის მხარდამჭერებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცების ფორმალური პროცედურის ჩაშლა სცადეს და კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.
თანამდებობის დატოვების შემდეგ ტრამპს არაერთი სამართლებრივი პრობლემა შეექმნა. 2024 წელს იგი პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მას ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი 34-ე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა თავად ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
უკვე 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში გამართულ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს 20 წლის რესპუბლიკელების ამომრჩევლად რეგისტრირებულმა მეთიუ კრუქსმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. სერიოზულად არ დაშავებულა თავად ტრამპი. თავდასხმის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შემთხვევა ტრამპს არჩევნებს მოაგებინებდა, თუმცა მომხდარის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რესპუბლიკელი და დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი თითქმის თანაბარია.