უკრაინული ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები საფრანგეთში პირველად გამოიფინა. ოთხი განსაკუთრებული უკრაინული ხატი პარიზის ჩრდილოეთით 200 კილომეტრში, ლუვრ-ლანსის მუზეუმშია წარმოდგენილი. მათ შორისაა მე-15 საუკუნის ხატი „ღვთისმშობელი ყრმით“ და მე-16 საუკუნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ბერძენი მხატვრის თეოდორის პულაკისის ორი უჩვეულოდ დიდი ხატი, რომლებზეც ასახულია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნისა და განკითხვის დღის სცენები. როგორც მუზეუმში ამბობენ, მსგავსი ხატების კონსერვაცია საკმაოდ რთული საქმეა.
„ჩვენი მიზანია, ხატების კონსერვაციისთვის საუკეთესო პირობები შევქმნათ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს უკრაინაში შეუძლებელია. ხეზე დაწერილი ხატები ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეიძლება ადვილად დაზიანდეს. მათ სტაბილური ტემპერატურა, შესაბამისი პირობები და მინიმალური დამუშავება სჭირდებათ. ლუვრში კი ყველა ეს პირობაა შექმნილი“, – ამბობს ლუვრის მუზეუმის ბიზანტიური ხელოვნების განყოფილების დირექტორი მაქსიმილიენ დიურანი.
2023 წლის მაისში ლუვრის მუზეუმის ორგანიზებით კიევის ხანენკოს მუზეუმიდან თექვსმეტი ხატი გაიტანეს.
„სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ეს რთული ოპერაცია იყო. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ, აუცილებელი იყო სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღება. ჩვენ ვცადეთ, განსხვავებული გზა მოგვეძებნა. ხატები უკრაინიდან სახმელეთო გზით ფარულად გავიტანეთ. პარიზში ჩასვლამდე პოლონეთისა და გერმანიის საზღვრების გადაკვეთა მოგვიწია“, – ამბობს ლუვრის მუზეუმის ბიზანტიური ხელოვნების განყოფილების დირექტორი მაქსიმილიენ დიურანი.
ხატები საფრანგეთში ომის დასრულებამდე დარჩება. გამოფენა ლუვრი-ლანსის მუზეუმის დამთვალიერებელს 2025 წლის ივნისამდე უმასპინძლებს.