კატეგორიები

რუსეთმა მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ხარკივზე

რუსეთმა მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ხარკივზე
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორშაბათს, გვიან ღამით, რუსეთმა მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზე, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

რეგიონული გუბერნატორის თქმით,  თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა რეგიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლები.

ხარკივის რეგიონული გუბერნატორის ოლეჰ სინიეჰუბოვის თქმით, რუსეთმა მართვადი საავიაციო ბომბებით რამდენჯერმე მიიტანა იერიში უკრაინაზე. სამი ბომბი ქალაქ ხარკივში ჩამოვარდა, ერთი ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, ჩაიმსხვრა ფანჯრის  მინები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რეგიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. დაშავებულია ექვსი ადამიანი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი შენობაც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადნრიი ერმაკის თქმით,  მართვადი საავიაციო ბომბი სახელმწიფო მრეწველობის სახლსაც მოხვდა.

თავდასხმამდე ერთი დღით ადრე  პენტაგონში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გასაწვრთნელად და  უკრაინაში საბრძოლველად 10 000-ამდე სამხედრო გაგზავნა.

დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი უფრო მეტად გაამწვავებს თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტსა და ურთიერთობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  რეიკიავიკში იმყოფებოდა, სადაც იგი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რთული ვითარებაა, რადგან რუსებს იქ ბევრი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული.  მათთვის ისინი ადამიანები არ არიან, მათ აიძულებენ ბრძოლას, ამის გამო ყოველდღიურად უამრავი რუსი ჯარისკაცი იხოცება.

უკრაინის ლიდერი დილით ესაუბრა გენერლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ რუსებმა აღმოსავლეთის მიმართულებით ერთ დღეში 800 ჯარისკაცი დაკარგეს. თუმცა ამას არც კი განიცდიან. ზელენსკის თქმით, პირველ რიგში,  უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იფიქროს უკრაინელ ხალხზე, შემდეგ კი – მიწაზე.

ამავდროულად, კიევი აგრძელებს მუშაობას და თავის მოკავშირეებს მოუწოდებს, გადასცენ კიევს უფრო მეტი იარაღი, რომელთა შორისაა შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, რათა იერიში მიიტანონ სამიზნეებზე რუსეთში, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში წამოიწყო.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები