აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა მედიას განუცხადეს, რომ გასულ კვირას „ჰამასის” ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობამ შეიძლება, ახალი შესაძლებლობა შექმნას კონფლიქტის დასასრულებლად და დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს. იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, დაუშვას მეტი ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ეს ბლინკენის მე-11 ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა იორდანიას, საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.