მთავარიაზიაისრაელივინ იყო ,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი, რომელიც ისრაელმა მოკლა

ვინ იყო ,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი, რომელიც ისრაელმა მოკლა

„ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის სიცოცხლის ბოლო წუთები დრონითაა აღბეჭდილი. კადრები ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს. ეგვიპტის საზღვართან, ქალაქ რაფაჰში, ჩატარებული ოპერაციის დროს დაბომბილი შენობის დანგრეულ ოთახში სკამზე ზის მამაკაცი, რომელსაც სახე ნაჭრით აქვს დაფარული. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი დრონს ჯოხს ესვრის.  შემდეგ სამხედროებმა შენობას დამატებითი ჭურვი ესროლეს, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა. როგორც ისრაელის სამხედრო სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, იაჰია სინვარს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, შეიარაღებული იყო ყუმბარებითა და თან ჰქონდა 10,000$.

ისრაელის ძალოვანი სტრუქტურებისთვის „ჰამასის” ლიდერის იაჰია სინვარის იდენტიფიცირება რთული ამოცანა ნამდვილად არ იყო. მისი თითის ანაბეჭდებსა თუ დნმ-ის ტესტებს ისრაელის ციხის არქივი ინახავს. სინვარი ისრაელის ციხეში 1980-იანი წლების ბოლოდან 2011 წლამდე იყო. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

სინვარი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ითვლება. ტერორისტების იერიშის დროს დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა,  250-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. სინვარი „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი აგვისტოში გახდა. მან შეცვალა ისმაილ ჰანიე, რომელიც ივლისის ბოლოს თავის რეზიდენციაში ისრაელელმა სამხედროებმა მოკლეს.

იაჰია სინვარი „ჰამასის“ ყველაზე გავლენიანი ლიდერი იყო, რომელიც  ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ცოცხალი იყო.

სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. „ჰამასის“ ლიდერი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში, 1962 წელს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი წილი ისრაელის ციხეში გაატარა.  იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა 2011 წელს  „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ისრაელელი სამხედროს გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც  ისრაელს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, განმარტავს, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმებისგან.

„მე გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. ეს იყო „ჰამასის“ მიერ სასტიკი, საშინელი, არაადამიანური თავდასხმა ისრაელის მოქალაქეებზე, ისრაელის სოფლებზე. ისრაელის ქმედება კი იყო სამხედრო პასუხისმგებლობა და საპასუხო ნაბიჯი „ჰამასის“ ქმედებებზე. სწორედ ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ. ის, ვინც პასუხისმგებელია საშინელ დანაშაულებზე, ლიკვიდირებულია. ვიმეორებ, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან. კარგია, რომ ჩვენი ეს საერთო პოზიცია გავუზიარეთ ევროსაბჭოსაც. ამ ომში იღუპებიან ის მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც არ არიან „ჰამასის“  წევრები. ყველას ესმის, რატომ ვდგავართ ჩვენ აშშ-სთან ერთად. ჩვენი მიზანია ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. ეს არის სიტუაციასთან გამკლავების საუკეთესო გზა. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ დროულად უნდა შეწყდეს ცეცხლი. და ჩვენ ამ ინიციატივას  სრულად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც უფრო მეტად აკრიტიკებდა ისრაელის სამხედრო ტაქტიკას და მოუწოდებდა ქვეყნებს, შეეწყვიტათ იარაღის მიწოდება თელ-ავივისთვის, სინვარის სიკვდილი გარდამტეხ სამხედრო წარმატებად შეაფასა.

„ისრაელისთვის იაჰია სინვარის სიკვდილი არის გარდამტეხი სამხედრო წარმატება. მუდმივად ამაზე ვფიქრობ, როდესაც 7 ოქტომბერს დაღუპული ისრაელელი მოქალაქეებისა თუ მძევლების ოჯახებს მივმართავ. ეს შემთხვევა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ყველა მძევალი გათავისუფლდეს და ომი საბოლოოდ შეწყდეს. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიიღონ და, საბოლოოდ, უნდა გაიხსნას სანდო პოლიტიკური პერსპექტივა. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ჩვენს ისრაელელ, არაბ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ისრაელს დასჭირდება მყარი გარანტიები თავისივე უსაფრთხოებისთვის. პალესტინის ხელისუფლებამ რეფორმების გატარებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას იწყებენ და ჯარისკაცების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს გამოიყენებენ. ისრაელი კი მტკიცედ იცავს იმ პოზიციას, რომელზეც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დგას. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, ისრაელი იქამდე იბრძოლებს, სანამ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სრულად არ გაანადგურებს და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend