მთავარიევროპარუსეთისერგეი ლავროვმა მოსკოვი-თბილისის კავშირებსა და სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის „პროვოკაციულ გეგმებზე“ ისაუბრა

სერგეი ლავროვმა მოსკოვი-თბილისის კავშირებსა და სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის „პროვოკაციულ გეგმებზე“ ისაუბრა

თურქეთში „3+3“ ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველო მიწვევის მიუხედავად არ მონაწილეობს.

პლატფორმის ერთ-ერთი მონაწილე რუსეთის ფედერაციაა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამჯერად უკვე ამ შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ საუბრობს მოსკოვისა და თბილისის კავშირებზე.

რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ  გაიმეორა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „რესპუბლიკები“  „დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია“ – დასავლეთი კი ლავროვმა სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყების მცდელობებში დაადანაშაულა.

სერგეი ლავროვმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გააქტიურებისთვის.  მისი თქმით, ამჟამად მოსკოვს თბილისში აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით მოქმედებს და ამ გზით განიხილება ვაჭრობისა და ტურიზმის საკითხები.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. გვაქვს შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით მოქმედი ინტერესთა სექცია. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მიმდინარე საკითხები განიხილონ. უპირველეს ყოვლისა. ეს ეხება ვაჭრობასა და ტურიზმს, ასევე ხალხთა შორის კონტაქტებს იმ პირებთან, ვინც პირდაპირაა დაკავშირებული ქართულ სახელმწიფო ორგანოებთან. საფრთხეების უმრავლესობას, რომლებსაც ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის სახელმწიფოების მცდელობებთან, მაქსიმალურად განამტკიცონ საკუთარი გავლენები და, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა გაწყვიტონ. ისინი ცდილობენ, ხელახლა გააჩაღონ კონფლიქტი აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ და დაძაბონ ურთიერთობა საქართველოსა და ამ ორ „სუვერენულ სახელმწიფოს“ შორის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„3+3“ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა არც ერთხელ არ მიუღია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend