ესპანეთის ხელისუფლებამ რუსეთში გასაგზავნად განკუთვნილი 13 ტონა აკრძალული ქიმიური ნივთიერება ამოიღო.
მასალა ბარსელონის პორტში, გადაზიდვის კონტეინერში აღმოაჩინეს. კონტრაბანდის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.
ქიმიკატების ზუსტი დასახელებები არ გასაჯაროებულა, თუმცა ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ნივთიერება ქიმიური იარაღისა და ნერვული აგენტების დასამზადებლად გამოიყენება.
პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება, რომელიც წინ უძღოდა სანქცირებული ნივთიერების ამოღებას, ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.
„გამოაშკარავდა, რომ კომპანიამ, რომელსაც რუსული წარმოშობის მოქალაქეები მართავენ, რუსეთში ქიმიური პროდუქტების უკანონო ექსპორტის მიზნით, კომერციული, ლოჯისტიკური და ფინანსური ბრუნვის სისტემა შეიმუშავა“, – განმარტავს ადგილობრივი პოლიცია.
რუსეთიც და უკრაინაც ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერები არიან. ამ კონვენციის მეშვეობით გახდა შესაძლებელი მსოფლიოში დეკლარირებული ქიმიური იარაღის მარაგების ოფიციალური განადგურება.
თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) აკრძალული ნივთიერებების გამოყენების შესაძლო შემთხვევების შესახებ ორივე ქვეყანამ მიმართა.