გრანადის უნივერსიტეტის ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ქრისტეფორე კოლუმბი ებრაული წარმოშობის ესპანელი იყო. ეს კი, მკვლევრებმა მისი საფლავის გამოკვლევით დაადგინეს.
დნმ-ის ექსპერტიზის თანახმად, ის არ იყო მეზღვაური გენუიდან, როგორც ადრე ითვლებოდა, არამედ ებრაელი ესპანეთიდან.
კოლუმბი სავარაუდოდ, ევროპაში გავრცელებული ანტისემიტიზმისა და ებრაელთა დევნისგან თავის დასაცავად ამბობდა, რომ რომაელი კათოლიკე ქრისტიანი იყო.
წლების განმავლობაში, ქრისტეფორე კოლუმბის წარმომავლობაზე ბევრს დავობდნენ. არსებობს დაახლოებით 25 ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია მისი დაბადების ადგილის თაობაზე, მათ შორისაა: პოლონეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვ.
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევრის შესახებ სიახლეები ფილმში – Columbus DNA: His True Origin, არის აღწერილი.
კვლევა პროფესორის, ანტონიო ლორენტეს ხელმძღვანელობით ოცი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მეზღვაურის დნმ-ის შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ დედის მხრიდან ებრაელი იყო.
ახალ კვლევას კრიტიკაც მოჰყვა – ბევრი ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმის შემქმნელები მაყურებელს არანაირ მონაცემს არ სთავაზობენ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ კოლუმბი ნამდვილად ებრაული წარმოშობის იყო.