რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მემუარებით ირკვევა, რომ მას სჯეროდა, რომ ციხეში მოკვდებოდა.
“დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გავატარებ და აქ მოვკვდები”, – წერდა ნავალნი 2022 წლის მარტში, – “ვერავის დავემშვიდობები… ყველა მნიშვნელოვანი თარიღი უჩემოდ აღინიშნება. ჩემს შვილიშვილებს არასდროს ვნახავ.”
მემუარებიდან, რომელიც გამოქვეყნდა ნიუ-იორკში ჩანს, რომ დისიდენტს სჯეროდა, რომ ციხეში მოკვდებოდა.
რუსი ოპოზიციონერის მემუარების „პატრიოტი“ 22 ოქტომბერს გამოვა. ნავალნი 8 თვის წინ რუსეთის ციხეში გადაიცვალა.
ნავალნი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცვლილებისა და სხვანაირი რუსეთის სიმბოლო იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2024 წლის 16 თებერვალს საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. მას 19-წლიან პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას რამდენიმე ბრალდება ჰქონდა, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფის მართვა.
მემუარებში ნავალნი საუბრობს იმაზეც, თუ რატომ დაბრუნდა 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში – „არ მინდა ჩემი ქვეყნის დათმობა ან მისი ღალატი. თუ თქვენი რწმენით რაღაცას ნიშნავს, მზად უნდა იყოთ, მის დასაცავად და გაიღოთ მსხვერპლი საჭიროების შემთხვევაში“, – წერს ნავალნი.
ალექსეი ნავალნიმ მემუარების წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთში მოწამლეს. წერა მან დაპატიმრების შემდეგაც განაგრძო.
რუსი ოპოზიციონერი ყველაზე მეტად კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა – „ჩემი მიდგომა სიტუაციისადმი, რა თქმა უნდა, არ არის წინასწარგანსაზღვრული პასიურობა. მე ვცდილობ, აქედან ყველაფერი გავაკეთო, რათა ბოლო მოეღოს ავტორიტარიზმს“, – წერდა ის ციმბირის ციხეში.
მისი მეუღლე, იულია ნავალნაია ამბობს, რომ ეს წიგნი ნავალნის ცხოვრებას ასახავს და მის „ურყევ ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ“. მისივე განცხადებით, მემუარები გამოქვეყნდება 11 ენაზე, მათ შორის რუსულადაც.