მთავარისაქართველოსაშიში ლიფტები

საშიში ლიფტები

ვაზისუბნის დასახლებაში, რომელიც ისნის რაიონში 70-იან წლებში გაშენდა, ლიფტების უმეტესობა ამავე პერიოდში, საბჭოთა კავშირის დროს, არის დამონტაჟებული. მართალია, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ძველი ლიფტების ნაწილი აქაც გამოცვალეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. აქაურებს კარგად ახსოვთ წელიწად-ნახევრის წინ მომხდარი უბედური შემთხვევა. ძველი ლიფტის გაუმართაობას მეორე მიკრორაიონში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა… ამ შემთხვევის შემდეგ აღარ ჩაგვირთავს ის ლიფტი, გამოვართვევინეთ და მერე გაგვიკეთეს, წელიწად-ნახევარში”, – ამბობს ამავე კორპუსის მცხოვრები ლულა ჭალიძე.

როგორც მეზობლები ჰყვებიან, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გამგეობის თანადაფინანსებით ძველი ლიფტი მთლიანად გამოცვალეს.

„ჯერ ქმარი დაიღუპა, მერე მეუღლე რაღაცნაირად მივარდა და ისიც დაიღუპა. ძალიან დაზიანდნენ – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდათ. საბჭოთა ლიფტები რაც იყო, ისევ იმას არემონტებენ, მაგრამ მაინც ფუჭდება. ვითომ შეალამაზეს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

„ძალიან განვიცადე, ძალიან შემეშინდა, თან მეც მერვე სართულზე ვცხოვრობ… ძალიან გულთან ახლოს მივიტანე ეს ამბავი. თითქმის ყოველდღიურად ლიფტს ვიყენებ. მივმართე კიდევაც გამგეობას, იქნებ შევცვალოთ-მეთქი და შემპირდნენ, რომ ამ წლის ბოლომდე განიხილავენ ამ საკითხს. იმედია, რაღაც შეიცვლება”, – ამბობს ევრონიუსთან საუბარში მეორე მიკრორაიონის მცხოვრები ნათია მჭედლიშვილი.

დედაქალაქში სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც სარემონტო სამუშაოების 80 პროცენტს რაიონის გამგეობა აფინანსებს. ამის მიუხედავად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების უმეტესობა რეაბილიტაციისთვის აუცილებელი თანხის სამეზობლოში შეგროვებასა და ამ თანხით რეაბილიტაციის ღირებულების 20 პროცენტის დაფარვასაც ვერ ახერხებს.

სპეციალისტების ინფორმაციით, საქართველოში დღეს ფუნქციონირებს 15 ათასამდე ლიფტი, რომელთა ნაწილიც საბჭოთა კავშირის დროს – 50-იან, 60-იან, 70-იან წლებშია დამონტაჟებული. ლიფტების ზუსტი რაოდენობა არცერთი უწყებისთვის ცნობილი არ არის, რადგან ამ მიმართულებით რაიმე სრულმასშტაბიანი კვლევა-აღრიცხვა არ ჩატარებულა.

გასულ საუკუნეში დამონტაჟებული ლიფტების მუშაობის პრინციპებს დეტალურად იცნობს კონსტანტინე მჭედლიშვილი. სპეციალისტის შეფასებით, საბჭოური ლიფტების მთავარი პრობლემა, უფრო ხშირად, არა მათი სიძველე, არამედ დაბალი კვალიფიკაციის პერსონალია, რომელსაც ლიფტის მომსახურება ევალება.

„ძალიან ბევრი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური პიროვნება ემსახურება ლიფტებს. უპასუხისმგებლობის მეტი პრობლემაა დღეს მომსახურებაში, ვიდრე ის, რომ აი, ეს ძველი ლიფტია და მსგავსი… იმ ძველსაც უნდა მოუარო და არაფერი საშიში არ იქნება”, – ამბობს „ნიუ ლიფტს ჯორჯიას” დირექტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე მჭედლიშვილი. მჭედლიშვილი მრავალი წელია ლიფტების მომსახურების სფეროში მუშაობს.

„ახალდამონტაჟებულ ლიფტში წამიყვანეს შესამოწმებლად 14-სართულიან კორპუსში, ორი თუ სამი თვის დამონტაჟებული იყო ლიფტი.. ასეთი რამ არ მინახავს და პრაქტიკაში არ მქონია, არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამის გაკეთება. როგორც ჩანს, არ დაამონტაჟეს სწორად რედუქტორი, რომელსაც მიჰყავს ლიფტი. წარმოიდგინეთ, მავთულის გადატეხა რომ გინდა და ასე ატრიალებ, აი, ასე ტრიალებდა და მოტყდა ღერძი!

ასევე არის შემთხვევები, როდესაც გადამოკლებული აქვთ უსაფრთხოების წრედები. მოვიდა, დავუშვათ მგზავრი, გაიღო ლიფტის კარი კაბინა, მაგრამ კარი აღარ დაიკეტა და წავიდა, იმიტომ, რომ დამოკლებულია წრედი. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად არსებობს საშიშროება, რომ ვიღაც მივიდეს და ჩავარდეს”, – ამბობს კონსტანტინე მჭედლიშვილი.

სპეციალისტმა განათლების სამინისტროსთან ერთად ლიფტიორებისთვის პროფესიული კურსი შეიმუშავა. მისი განმარტებით, საქართველოში წლების განმავლობაში პროფესიონალი კადრების მომზადება აღარ მომხდარა. ეს კურსები სულ ცოტა ხნის წინ აღადგინეს.

„კაპიტალური შემოწმება, რა თქმა უნდა, როგორც ახლა არის სამ წელიწადში ერთხელ, პრინციპში საკმარისია, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია იმის მიხედვით, როგორია ექსპლუატაცია და როგორ უვლიან ლიფტს. სწორი მოვლა რას გულისხმობს – აუცილებლად ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს სარეგულირებელი ელემენტები, კარის მექანიზმები, ასევე კაბინის სამაგრები, რომ არ ქანაობდეს სამუხრუჭე სისტემები, მიმმართველები უნდა იყოს შეზეთილი, რომ თავისუფლად ისრიალოს და არ ჰქონდეს ბიძგები. კი არის კანონი, რომ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ ჩვენს პირობებში ეს მოთხოვნა პრაქტიკულად არ სრულდება”, – ამბობს მჭედლიშვილი.

საქართველოს მთავრობის #446 დადგენილების, ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ლიფტის, როგორც მესამე კატეგორიის რისკის ობიექტის, ინსპექტირება სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად შექმნილი რეგლამენტი ძალაში ათი წლის წინ – 2014 წლიდან შევიდა. თავდაპირველად სავალდებულო, გეგმური შემოწმება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ვალდებულება იყო. დღეს მაკონტროლებლის ფუნქციას უკვე აკრედიტებული კერძო კომპანიები ასრულებენ.

„რეალურად რომ შემოწმდეს სტანდარტების სრული სიმკაცრით ყველა ლიფტი, რაც კი საქართველოშია, ძველი ლიფტები, ნახევარზე მეტი ალბათ ინსპექტირებას ვერ გაივლიდა და გასაჩერებელი იქნებოდა. შესაბამისად, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ალბათ გესმით, სახელმწიფოც ითრევს ფეხს ამის მკაცრად შესრულებისგან, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს პირველ რიგში მოსახლეობის უკმაყოფილებას. იმ კორპუსებში, სადაც მწყობრიდან გამოსული ძველი ლიფტებია, მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ ეს გააკეთონ. უბრალოდ, ამ ლიფტებს გაუჩერებ და კი რაღაცნაირად უსაფრთხოებას დაეხმარები, მაგრამ ასობით ათასი უკმაყოფილო მოქალაქე გეყოლება”, – ამბობს ინსპექტირების კომპანიის „სი ეი აი ჯორჯიას“დამფუძნებელი სანდრო შელია.

კომპანია „სი ეი აი ჯორჯია“ ერთ-ერთია იმ ოთხ კომპანიას შორის, რომლებიც დღეს ლიფტების ტექნიკურ ინსპექტირებას ატარებენ. მსგავს კერძო კომპანიებს შემოწმების სავალდებულო წესით ჩატარების უფლება არ აქვთ, ამისთვის მათ ჯერ მესაკუთრემ უნდა მიმართოს. კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, მთავარი პრობლემა ამ სფეროში ერთიანი აღრიცხვის ბაზის, ასევე გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის არარსებობაა.

„ყველაზე უფრო სოციალურად მოწყვლადი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის სადაც არის, ყველაზე ცუდი ლიფტებია. მათ უფრო უჭირთ, რომ მოკრიფონ ეს დოკუმენტაცია, შეაგროვონ პირველადი თანხა – ამას სჭირდება ენერგია, დრო და ინიციატივა. შესაბამისად, გვაქვს ასეთი სურათი, რომ ყველაზე უფრო პოტენციურად საშიში ლიფტები ექცევიან ყურადღების მიღმა.

გამოსავალია, რომ თუ რაღაც კორპუსში ლიფტის მოდერნიზაცია ჯდება 10 ათასი ლარი, ბანკმა ეს დააფინანსოს და პროცენტის ნაწილი გადაიხადოს სახელმწიფომ ისე, რომ ეს იყოს გრძელვადიანი, 10-20 წელიწადზე გათვლილი და მოსახლეობისთვისაც უკვე ხელმისაწვდომი გახდება. იგივე იქნება, რასაც ახლაც იხდიან ადამიანები, ყუთებში რომ ყრიან რაღაც ხურდებს, ოღონდ ეს ხურდები მიდის ვიღაც კერძო პირების ჯიბეში, რომლებიც, ხშირად არ არიან კომპეტენტურები და ვერ უზრუნველყოფენ ლიფტის უსაფრთხოებას. ამიტომაც ხდება ხოლმე ის უბედური შემთხვევები”, – ამბობს შელია.

სანდრო შელიას განმარტებით, ინსპექტირების მოთხოვნით მათ უმეტესად ახალაშენებული კორპუსების, ან დიდი დაწესებულებების მფლობელები მიმართავენ. ეს არიან ის დამკვეთები, რომლებსაც, მისივე თქმით, უსაფრთხოების ნაკლები პრობლემა და მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

თბილისის მერიას ჩვენ გამოცვლილი და აღდგენილი ლიფტების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილობითაც მივმართეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

როგორც სანდრო შელია, კომპანია „სი ეი აი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ამბობს: „არ იქნება საკმარისი, რომ გვქონდეს პროგრამა, რომლითაც ჩვენ ერთეულ მოსახლეს დავუფინანსებთ ლიფტების შეკეთებას. ასევე არ იქნება საკმარისი, რომ ჩვენ ინსპექტირება შემოწმებითა და ჯარიმებით მოვაგვაროთ. საჭიროა, რომ სახელმწიფოსა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით სესხის სახით ერთიანად და გლობალურად მოხდეს ამის გაკეთება. ეს უფრო იაფიც დაჯდება, ჯამში, როდესაც შენ დიდი რაოდენობით ნაწილებს უკვეთ, უფრო იაფიც იქნება, ვიდრე სათითაოდ ამის გაკეთება. სამწუხაროდ, იმისთვის რომ ეს გაკეთდეს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ნება არ არსებობს ამ შემთხვევაში”.

სპეციალისტების ინფორმაციით, თბილისის საცხოვრებელ კორპუსებში მოქმედი ლიფტების უმეტესობას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend