გამომცემლობა The Guardian-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა მხარემ წინასწარ იცოდა მათ ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მიერ დაგეგმილი იერიშის შესახებ.
The Guardian-ის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და სამხედრო ნაწილების დოკუმენტები, რომლებიც კურსკის რეგიონში მიტოვებულ შენობებში აღმოაჩინეს.
დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის მიწურულიდან 2024 წლის ივნისის ბოლომდე. ისინი კი, ძირითადად, შედგენილი იყო რუსეთის 488-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკის მე-17 ბატალიონის მეორე ასეულის მიერ.
უკრაინის ჯარები 6 აგვისტოს კურსკის რეგიონში შეიჭრნენ და რუსეთის ტერიტორიაზე დაიკავეს ქალაქები და სოფლები, მათ შორის, სასაზღვრო ქალაქი სუჯა. თუმცა გასულ კვირას რუსეთში თქვეს, რომ მათ დაიბრუნეს ათობით სოფელი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერმა გასამხედროებულმა ჯგუფებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი, მათ შორის მეზობელი ბელგოროდის რეგიონში.
მოპოვებულ დოკუმენტებში განხილულია „სახელმწიფო საზღვრის გარღვევის შესაძლებლობა“.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 თებერვლის დოკუმენტში განხილულია სუმის რეგიონიდან რუსეთის სიღრმეში სავარაუდო თავდასხმა, „სუმის რეგიონიდან მოულოდნელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 80 კილომეტრის სიღრმეში…“
დოკუმენტებში იყო კიდევ ერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ უკრაინის არმია მიზნად ისახავდა სუჯის დაკავებასა და მდინარე სეიმზე სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის დაზიანებას.
მასალების ავთენტურობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა, თუმცა მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამოყენებულია რუსული სამხედროებისთვის დამახასიათებელი „მშრალი და ბუნდოვანი“ ოფიციალური ენა.