მთავარიმსოფლიოკრემლის არმია კურსკში გააქტიურდა

კრემლის არმია კურსკში გააქტიურდა

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალები ძალიან გააქტიურდნენ. 6 აგვისტოს დაწყებული უკრაინელთა იერიშის ინტენსივობამ იკლო. ბოლო პერიოდში კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის მხრიდან კვლავ შეიზღუდა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” აღნიშნავს, რომ რუსებმა კონტრიერიში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიის დასავლეთ კიდეზე წამოიწყეს. კვლევითი ორგანიზაციის თქმით, დაკავებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტიც. თუმცა ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოვლენები ძალიან დინამიკურია კურსკის ოლქში არსებულ ფრონტზე. როგორც საერთაშორისო გამოცემა „ფორბსი“ წერს, პუტინმა ბრძანება გასცა, რომ კურსკი ოქტომბრამდე უნდა დაიბრუნონ.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” წერს, რომ კურსკის ოლქში უკრაინულმა არმიამ კრემლის იერიშებს ფლანგებიდან შეტევით უპასუხა. კრემლის მიზანი შესაძლოა კურსკის ოლქში უკრაინული ძალების დანაწევრება და, შესაბამისად, სხვა მეტად ორგანიზებული იერიშის მომზადება იყოს.

სწორედ კურსკს დაუკავშირა რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლის საჭიროება რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი კარაგანოვმა. მისი თქმით, რუსეთს უფლება აქვს, უპასუხოს იმ იერიშებს, რომლებიც ქვეყანას განადგურებით ემუქრება.

„არჩევანი აღარაა… რუსეთს მოუწევს, ბირთვული იერიში მიიტანოს ევროპაზე. მესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს გამოიწვევს, რაც საშინელი ნაბიჯია, მაგრამ ფლობდე ამ იარაღს და არ შეგეძლოს, დაარწმუნო ოპონენტები, რომ მზად ხარ გამოიყენო, ეს უკვე თვითმკვლელობაა“, – აღნიშნავს სერგეი კარაგანოვი.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ფლანგზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მორიგი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. როგორც კიევი იუწყება, მსგავსი საფრენი აპარატი კრემლს 50 მილიონი დოლარი უჯდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ ერთ დღეში რუსეთის არმიის 105 იერიში მოიგერიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend