ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ერთობლივი ვიზიტით კიევში ჩავიდნენ.
დასავლელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. სავარაუდოა, რომ ვიზიტისას საუბარი შეეხება კიევის მოთხოვნას, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. განხილვის თემებს შორის ასევე იქნება რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება და გრძელვადიან პერსპექტივაში კიევის სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით განვითარების უზრუნველყოფა.
ენტონი ბლინკენი კიევში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილა. ვაშინგტონი თვლის, რომ თეირანისა და მოსკოვის ეს ერთობლივი ნაბიჯი უკრაინის ფრონტზე ესკალაციის რისკს „დრამატულად ზრდის“.