ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის კამალა ჰარისი ოფიციალურად დაამტკიცა. გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიის დელეგატებმა 20 აგვისტოს, კენჭისყრის შედეგად მიიღეს, რომელიც ჩიკაგოში პარტიის მიმდინარე ყრილობაზე გაიმართა.
თავად კამალა ჰარისი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ, მინესოტის შტატის გუბერნატორ ტიმ უოლზთან ერთად მილუოკიში იმყოფება.
,,დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე დელეგატებმა მე და ტიმ უოლზი აგვირჩიეს აშშ-ის მომავალ ვიცე-პრეზიდენტად და პრეზიდენტად. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ჩვენი სჯერა. თქვენი ნომინაცია ჩვენთვის დიდი პატივია. ამ კამპანიას ადამიანები აძლიერებენ და ერთად, ჩვენ დავსახავთ ახალ გზას. თავისუფლების, შესაძლე ბლობების, ოპტიმიზმის და რწმენის გზას. ასე, რომ მადლობა ყველას ჩიკაგოში და მთელ აშშ-ში“, – განაცხადა კამალა ჰარისმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, კამალა ჰარისისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ – ბარაკ და მიშელ ობამამ. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
,,იგივე თაღლითი, რომელიც იმის ნაცვლად რომ მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა, იმეორებს იგივე მახინჯ, მიზოგინიურ და რასისტულ ტყუილებს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა ავირჩიოთ ეს ორი, კარგი გულის მქონე ადამიანი. სხვა არჩევანი არ არსებობს, გარდა კამალა ჰარისისა და ტიმ უოლზის“, – ამბობს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა.
ამავდროულად, ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დებს პირობას, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ამერიკას კვლავ უსაფრთხოს გახდის. მიჩიგანის შტატში მიმდინარე კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისი ყველაზე რადიკალური მემარცხენე პოლიტიკოსია, რომელსაც მაღალი რანგის თანამდებობაზე ოდესმე უყრია კენჭი.
,,კამალა ჰარისი მოიტანს კრიმინალს, ქაოსს, ნგრევას და სიკვდილს, თუ იგი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. იქნება უპრეცედენტო დანაშაული. ხოლო, მე მოვიტან კანონს, წესრიგს, უსაფრთხოებას და მშვიდობას. ასე რომ, როდესაც დავბრუნდები თეთრ სახლში, ჩვენ დავასრულებთ ამერიკული გარეუბნების, დიდი და პატარა ქალაქების ძარცვას, გაუპატიურებას, ხოცვა-ჟლეტას და განადგურებას“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა.
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის პირველი დებატები 10 სექტებერს, ABC-ის ეთერშია დაგეგმილი.