მთავარიმსოფლიოMeta-ს მიერ წაშლილი ქსელი, რომლის სამიზნე იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი

Meta-ს მიერ წაშლილი ქსელი, რომლის სამიზნე იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი

საფრთხეების შესახებ კომპანია Meta-ს უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ აღმოფხვრეს ხუთი განსხვავებული რუსული პროპაგანდისტული ქსელი ბოლო სამი თვის განმავლობაში. ხუთიდან სამი კამპანია მიმართული იყო ამერიკელებზე და ინგლისურენოვან მომხმარებლებზე, სადაც მთავარი ფოკუსი იყო უკრაინის კრიტიკა.

ანგარიშში ასევე ნახსენებია კიდევ ერთი ქსელი, რომელიც სათავეს რუსეთში იღებს და რომლის სამიზნე იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ტექნოლოგიური კომპანიის თქმით, კავკასიურ ქვეყნებზე ჩატარებული ოპერაცია კონცენტრირებული იყო გამოგონილ ვებგვერდებზე განსხვავებული ბრენდირებით, ინდივიდუალურად თითოეულ ქვეყანაზე. ისინი ასევე მოქმედებდნენ რამდენიმე სხვა ინტერნეტ-სერვისზე, როგორებიცაა YouTube, Telegram და TikTok, რათა მხარი დაეჭირათ ამ გვერდებისთვის და მათი ლეგიტიმურობა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.

ეს ფიქციური საინფორმაციო ვებგვერდები აგრძელებენ მუშაობას და აქვეყნებენ „ახალ ამბებს“ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

„საქართველოს შემთხვევაში ეს ვებგვერდები წერდნენ საქართველოში მომხდარ ბოლო საპროტესტო აქციებზე „უცხოური აგენტების შესახებ“, სადაც აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას““, – ვკითხულობთ Meta-ს ანგარიშში.

აზერბაიჯანში ისინი წერდნენ ადგილობრივ მოვლენებზე, სადაც აკრიტიკებდნენ დასავლეთს. სომხეთის შემთხვევაში წერდნენ პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებშიც მხარს უჭერდნენ რუსეთს და აკრიტიკებდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრს.

Meta-ს ცნობით, ფიქციური საინფორმაციო სააგენტოებია yerli-media. org, luremedia. org და sakartvelo-today. org

საერთო ჯამში, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის, კომპანია Meta-მ წაშალა 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში.  Meta-ს ცნობითვე, არაავთენტური ქსელის აღმოჩენაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED დაეხმარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend