პარიზის ოლიმპიადის გახსნის კადრებმა საზოგადოების ნაწილში დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბევრმა დადგმის ერთი ეპიზოდი ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ფრესკას, „საიდუმლო სერობას” მიამსგავსა და „ქრისტიანობის აბუჩად აგდება“ უწოდა.
ზოგი უფრო შორს წავიდა. მაგალითად, რუსეთში მას „სატანისტური თამაშები“ უწოდეს.
გახსნის ცერემონია საქართველოს მმართველი გუნდის წევრებმა და საპატრიარქომაც დაგმო.
ცერემონიის შემდეგ თითქმის ყოველდღე სიძულვილის შემცველ გზავნილებს იღებს „დრაგ“ შემსრულებელი ჰიუგო ბარდინი.
„ყოველდღიურად ათასობით შეტყობინებას ვიღებ. მაგრამ ჩვენ „დრაგ ქვინები“ მიჩვეულები ვართ მსგავსი შეტყობინებების მიღებას. ამ შემთხვევაში რთული ისაა, რომ შეტყობინებებს მთელი მსოფლიოდან ვიღებთ. საბედნიეროდ, უმრავლესობა დადებითი რეაქციაა, მაგრამ ასევე არის ძალიან, ძალიან ძალადობრივი რეაქციები“, – ამბობს ჰიუგო ბარდინი/პალომა, „დრაგ ქვინის“ შემსრულებელი.
სიძულვილისა და მუქარის შემცველ შეტყობინებებს ყოველ დღე იღებს ბარბარა ბუჩიც, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
პარიზის პოლიციამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო.
„საფრანგეთში ამჟამად რთულ პოლიტიკურ კლიმატში ვართ. ქვეყანა ბოლო თვეებში ძალიან გაყოფილია. ამ ცერემონიის მიზანი კი, ხალხის დაახლოება იყო… ბარბარა ბუჩის შემთხვევაში მას თავს ესხმიან არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს პერფორმანსს აკრიტიკებენ, არამედ იმიტომ, რომ ის ჭარბწონიანი და ებრაელია. ეს სულ სხვა ტიპის ძალადობაა, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დაისაჯოს…ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 1431 წლის ჟანა დარკის სასამართლო პროცესზე ვარ“, – თქვა ჰიუგო ბარდინიმ/პალომამ, „დრაგ ქვინის“ შემსრულებელმა.
პარიზის თამაშების ორგანიზატორებმა არაერთხელ ახსნეს, რომ ეს ეს პერფორმანსი არ იყო შთაგონებული „საიდუმლო სერობით“ და არც ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად.
ორგანიზატორების განმარტებით, ეს წარმოდგენა მხოლოდ ანტიკურ ღმერთებს განასახიერებდა.
თავად ბარბარა ბუჩმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერს: „რაც არ უნდა თქვან, მე ვარსებობ. არასდროს მრცხვენია იმის, ვინც ვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, მათ შორის, ჩემს მხატვრულ არჩევანზე. მთელი ჩემი ცხოვრება უარს ვამბობდი ვყოფილიყავი მსხვერპლი, არ გავჩუმდები“.