მთავარიმსოფლიოგაეროს ცნობით, ამინდი უფრო ცხელი და საშიში ხდება

გაეროს ცნობით, ამინდი უფრო ცხელი და საშიში ხდება

22 ივლისს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო, რაც კი ოდესმე აღუნუსხავთ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ქვეყნების მთავრობებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ექსტრემალური სიცხის შემთხვევების რაოდენობა, ხანგრძლივობა და მასშტაბები იზრდება. 

გუტერეშის თქმით,  დედამიწა მოსახლეობისთვის სულ უფრო ცხელი და საშიში ხდება.

„ექსტრემალური ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღის, ერთი კვირის ან ერთი თვის ფენომენი აღარ არის. ერთი რამ, რაც ჩვენს გახლეჩილ საზოგადოებას აერთიანებს, სიცხეა, რომელსაც ყველანი განვიცდით“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს გენერალური მდივანი ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევაზე საუბრობს. იგი ქვეყნებს მოუწოდებს, COP28-ზე შეთანხმებული მიზნების მისაღწევად ერთად იმუშაონ. გუტერეშის თქმით, მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყნებმა ეტაპობრივად უნდა შეწყვიტონ  წიაღისეული საწვავის გამოყენება.

„სუბსიდიების მეშვეობით, დიდი ოცეულის ქვეყნებმა წიაღისეული საწვავი განახლებადი ენერგიით უნდა ჩაანაცვლოს. ამ კუთხით, ისინი დაუცველ ქვეყნებსა და თემებს უნდა დაეხმარონ. თითოეული ქვეყნის კლიმატის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული უნდა იყოს,  რა წვლილს შეიტანენ COP28-ზე მიღებული მიზნების შესრულებაში“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

გენერალური მდივანი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გატარებული ზომები დღესდღეობით არსებულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend