მთავარიევროპაუკრაინა„ეშმაკთან გარიგება” - მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან შეთანხმების შესახებ

„ეშმაკთან გარიგება” – მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან შეთანხმების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია.

„შეთანხმება ვლადიმირ პუტინს დროს მოაგებინებს, რათა უფრო გააძლიეროს საკუთარი ჯარი და უფრო ფართო კონფლიქტი დაიწყოს” – განუცხადა მიხაილო პოდოლიაკმა Associated Press-ს.

„თუ შენ ეშმაკს გაურიგდები, ის მოგვიანებით ჯოჯოხეთში ჩაგითრევს – სწორედ ასეთია რუსეთი. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც რუსეთი ომზე არ აიღებს პასუხისმგებლობას, მხოლოდ დროებითი შეთანხმებაა. ამით, თქვენ ხელს აწერთ კიდევ ერთ ომზე, ოღონდ უფრო ფართო მასშტაბებით, სხვა მხარეების ჩართულობითა და უფრო მეტი სისხლისღვრით. უბრალოდ, მინდა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ეს გააცნობიეროს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ძალიან ცოტა ქვეყანა აკვირდება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინაზე უფრო გულმოდგინედ. შეერთებული შტატები უკრაინის მთავარი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ და არჩევნების შედეგებს უდიდესი გავლენა ექნება შტატების უკრაინის მიმართ პოლიტიკაზე.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისმა მთავრობამ დაამყარა კარგი ურთიერთობა ორივე კანდიდატთან.

„დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები თავიანთ პოზიციას ამ ომის სათანადო დასრულების აუცილებლობის შესახებ მკაფიოდ გამოხატავენ. ეს არის შეერთებული შტატების ძირითადი პარტიების აბსოლუტური კონსენსუსი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება კანდიდატი ამა თუ იმ პარტიიდან, უკრაინასთან მიმართებით ცვლილებებს არ ველი. ერთადერთი, რაც მინდა, არის გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება“, – თქვა პოდოლიაკმა.

ტრამპი ხშირად აღქმულია, როგორც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, მომხრე. თუმცა, პოდოლიაკი ამტკიცებს, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო ზარი შედგა, რომელიც დადებითი იყო.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, პოდოლიაკმა თქვა, რომ ის ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ძალიან დადებითადაა განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული გარკვეული გადაწყვეტილებები საკმაოდ გაჭიანურებული იყო: „რუსეთის ფედერაციამ ისარგებლა დასავლეთის პოლიტიკური ელიტის პროგნოზირებადობით. კრემლში იცოდნენ, რომ რუსეთის პროვოკაციებს დასავლეთი მკაცრად არ უპასუხებდა. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი გვპირდება უფრო მკაცრ რეაგირებას მსგავს სიტუაციებში და ეს არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად მართალია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იგი გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომას რუსეთის ფედერაციის პროვოკაციებზე“.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend