მთავარიამერიკააშშდაბრკოლებები, რომელთა წინაშეც შესაძლოა კამალა ჰარისი აღმოჩნდეს

დაბრკოლებები, რომელთა წინაშეც შესაძლოა კამალა ჰარისი აღმოჩნდეს

კამალა ჰარისი მზადაა დონალდ ტრამპთან დებატებისთვის.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და საკუთარი მხარდაჭერა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის შემცვლელი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა. „ახალი მსხვერპლი” და „ისტორიაში ყველაზე არაკომპეტენტური ვიცე-პრეზიდენტი“ – ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისს.

ლინზი კორმეკი, პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი საუბრობს იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო რბოლისგან.

„კამპანია კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის ძალიან განსხვავდება ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის რბოლისგან. განსხვავებული სტილი და მიდგომებია. ველი, რომ ორივე მხარე მეტად ცეცხლოვანი გახდება. ვფიქრობ, ამ ორი კანდიდატის ხასიათი მეტად ერგება კამპანიის სტილს, ვიდრე ეს ჯო ბაიდენის შემთხვევაში იყო“, – ამბობს ლინზი კორმეკი.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისისთვის რასობრივი კუთვნილება და სქესი შესაძლოა დაბრკოლება აღმოჩნდეს. ლინზი კორმეკის თქმით, ამერიკელი ამომრჩეველი მზადაა, ხმა მისცეს ფერადკანიან ქალს, თუ ის მათთვის სასურველი კანდიდატი იქნება.

„დონალდ ტრამპს აქამდეც უწარმოებია კამპანია ქალის წინააღმდეგ. ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ რბოლისას მას ბევრი უარყოფითი რამ ჰქონდა სათქმელი არა მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არის ჰილარი კლინტონი, არამედ იმიტომაც, რომ ის ქალია. რთული გასარკვევია, თუ როგორ იმოქმედა ამან ქალ ამომრჩევლებზე. დონალდ ტრამპმა მაინც შეძლო თეთრკანიან ქალთა ხმათა უმრავლესობის მოპოვება.

ამერიკელმა ამომრჩეველმა აჩვენა, რომ მზადაა, ხმა მისცეს ფერადკანიან კანდიდატებს. ბარაკ ობამამ ორი არჩევნები მოიგო. ამომრჩეველი ასევე მზადაა, ხმა მისცეს ქალს. დამარცხების მიუხედავად, ჰილარი კლინტონმა მეტი ხმა მიიღო. მთავარი საკითხი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად სურთ ეს კონკრეტული კანდიდატი“, – განაცხადა მან.

არაფორმალური მონაცემების თანახმად, კამალა ჰარისს ნომინაციის უზრუნველსაყოფად დემოკრატი დელეგატების საკმარისი რაოდენობა უჭერს მხარს.

მის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ, ბარაკ და მიშელ ობამებმა.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბარაკ ობამა წერს, რომ მისი და მიშელ ობამას აზრით, კამალა ჰარისი აშშ-ის შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ნოემბერში კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend