წლევანდელი წელი სპორტული ღონისძიებებით დატვირთული გამოდგა. ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის შემდეგ მსოფლიო სპორტის სამყარო ელის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც 3 დღეში გაიხსნება. მდინარე სენა ორგანიზატორებმა მოამზადეს, რომ მაყურებელმა გახსნის ცერემონიას კომფორტულად ადევნოს თვალი, სადაც ეიფელის კოშკისკენ მიმავალი სპორტსმენებისა და თავიანთი დელეგაციების ნახვა შეეძლებათ.
„ჩამოსვლის შემდეგ მიდიხარ დასაბინავებლად და ელოდები იმ დღეს, როცა შენი პერფორმანსი უნდა აჩვენო. აქ საოცარი ენერგია ტრიალებს, რადგან ერთ სივრცეში არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები არიან შეკრებილნი. ასევე საოცარი შეგრძნებაა გახსნის ცერემონია, რომელიც ყოველთვის გრანდიოზულია და სპორტსმენებს მოტივაციას აძლევს“, -ამბობს კრისტინ არმსტრონგი, მწვრთნელი და 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი.
სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციამ უკვე დაიწყო პარიზში ჩასვლა და ტურნირისთვის მზადება. სპორტსმენების თქმით, ისინი ასეთი საპასუხისმგებლო შეჯიბრის წინ ძალიან ნერვიულობენ, თუმცა მათ თავიანთი მაქსიმუმი უნდა აჩვენონ.
„ჩამოსვლის წამიდანვე ძალიან აღელვებული ვარ. ახლა ცოტა ქაოსია, თუმცა ბარგი უკვე ავიღე და ცოტა ხანში ოლიმპიურ სოფელში გადავინაცვლებთ, სადაც შეჯიბრის განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ. საკუთარი ბალიში და პატარა სანთელი მაქვს სახლიდან წამოღებული, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში თავი შინაურად ვიგრძნო, ნაკლებად ვინერვიულო და ჩემი აქ ყოფნა უფრო კომფორტული გავხადო”, – ამბობს კირსტი გილმორი, ბადმინტონის მოთამაშე დიდი ბრიტანეთიდან.
პარიზში ასევე გაძლიერებულია საპოლიციო დანაყოფები. საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ ოლიმპიადისთვის 45 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული და ასევე 10 000 ჯარისკაცი.
წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 28 წარმომადგენელი ეყოლება. ჩვენი დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული სპორტსმენები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.