მთავარიმსოფლიობრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა და ის უკვე ეწვია დიდი ბრიტანეთის მონარქს ბუკინგჰემის სასახლეში. ეს ამ ქვეყანაში ფორმალური პროცედურაა. ახალ პრემიერ-მინისტრს მეფე აძლევს კურთხევას ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად.

ცერემონიის შემდეგ კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე გადაინაცვლა და პრემიერის რანგში თავის გუნდსა და მხარდამჭერებს პირველად მიმართა სიტყვით.

„თუ გუშინ ლეიბორისტებს მიეცით ხმა, ჩვენ თქვენი ნდობის პასუხისმგებლობას ვიღებთ. პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ინსტრუმენტი. ჩვენ შევცვალეთ „ლეიბორისტული პარტია”, დავბრუნდით ხალხის სამსახურში და ჩვენ ასე ვაპირებთ მართვას. თქვენ მოგვეცით თქვენი მხარდაჭერის მანდატი და ჩვენ მას ცვლილებების დასანერგად გამოვიყენებთ, აღვადგენთ პოლიტიკისადმი პატივისცემას, მორჩა ხმაურიანი პოლიტიკოსების ეპოქა, ჩვენ საქმის გასაკეთებლად ვართ აქ, რათა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ოთხი ერი კვლავ ერთად დგას, როგორც ჩვენს წარსულში ასე ხშირად იდგა, რათა გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს და აღადგინოს საკუთარი ქვეყანა. ასე რომ, პატივისცემითა და თავმდაბლობით გიწვევთ ყველას, შეუერთდეთ ამ მთავრობას ეროვნული განახლების მისიაში. ჩვენი საქმე გადაუდებელია, ამიტომ ჩვენ დღესვე ვიწყებთ მუშაობას”, – განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მეუღლესთან ერთად, ლონდონი, 5 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Kin Cheung

ვიდრე სტარმერი დაუნინგ სთრითზე მივიდოდა, ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საზოგადოებას დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა ახალ პრემიერს. მან პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში დატოვა. ამ არჩევნებში კონსერვატორებმა ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს და ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, ახალ მთავრობას ლეიბორისტული პარტია აკომპლექტებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი პოლიტიკური ოპონენტი იყო, სერ კირ სტარმერი მალე გახდება ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ამ სამსახურში მისი წარმატება იქნება ყველა ჩვენგანის წარმატება და მასსა და მის ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. რა უთანხმოებაც არ უნდა გვქონოდა წინასაარჩევნო კამპანიის, ის ღირსეული ადამიანია, რომელსაც მე პატივს ვცემ“, – განაცხადა რიში სუნაკმა. 

2019 წელს სტარმერმა „ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის პოზიციაზე ჯერემენი კორბინი ჩაანაცვლა. ეს ლეიბორისტებისთვის მორიგი წარუმატებელი არჩევნების შემდეგ მოხდა. კირ სტარმერი კორბინთან შედარებით ბევრად უფრო ცენტრისტული პოლიტიკით გამოირჩევა. სტარმერს მიაჩნია, რომ მიგრაცია სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის და ამომრჩეველს ის მიგრანტთა კრიზისის განმუხტვას ჰპირდება.

კირ სტარმერი გამოცდილი პოლიტიკოსი და იურისტია. იგი საკუთარ თავს იდეოლოგიურად ცენტრისტად მიიჩნევს, თუმცა ოთხმოციან წლებში უფრო მყარ მემარცხენედ მოიაზრებოდა.

სტარმერი დიდი ბრიტანეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდის მომხრეა. ასევე იგი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას. სტარმერი გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

პარტიის იდეოლოგიური ძვრა ცენტრისკენ ძალიან დადებითად აისახა მის შედეგებზე, რაზეც მეტყველებს საპარლამენტო არჩევნებში 412 მანდატისა და სრული უმრავლესობის მოპოვება.

ბოლო თვეები ბრიტანულ პოლიტიკაში ძალიან ქაოსური და მძიმე იყო. ახლა კი მოქალაქეები იმედებს ახალ, ლეიბორისტულ მთავრობაზე ამყარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend