მთავარიმსოფლიომიგრანტების სახიფათო გზა

მიგრანტების სახიფათო გზა

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი შენგენის წევრ ქვეყნებში ცდილობს მოხვედრას. ისინი, ძირითადად, სირიიდან და ავღანეთიდან არიან.

უკეთესი ცხოვრების ძიებაში მათ 100-ამდე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, ამ გზაზე ბევრი იღუპება ან უგზო-უკვლოდ იკარგება ტყეში ბულგარეთისა და თურქეთის საზღვართან…

მათ შორის, იყო 17 წლის ფადი. მისმა ოჯახმა სახლი გაყიდა, რომ შვილს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა. ის რთულ გზაზე ავად გახდა, თანამგზავრებმა ყველაფერი გააკეთეს მის დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ…

„ფადი იყო არასრულწლოვანი, რომელიც ბულგარეთში ეძებდა თავშესაფარს. ის ტყეში გარდაიცვალა…“- ამბობს დიანა დიმოვა, ორგანიზაცია Mission Wings-ის პრეზიდენტი.

„მე 40-ზე მეტ ადამიანს დავუკავშირდი, გარდაცვლილებზე კი, არავინ არაფერი იცის. აქ სირიელ მიგრანტთა ცხედრები ბალახითაა დაფარული“, – ამბობს მაჰერი, თარჯიმანი.

მიგრანტებს გაუვალ ტყეში კვირაზე დიდხანს უწევთ სიარული. ხშირად საკვებისა და წყლის გარეშე. თუ რომელიმე გზაში ავად გახდა, დახმარებასაც ვერ იღებენ.

ევრონიუსმა 55 ასეთი შემთხვევა შეისწავლა…

„ბურგასში მორგი სავსეა, ისევე როგორც იამბოლში. სოფიაშიც უამრავი ამოუცნობი ცხედარია, მათი რაოდენობა წარმოუდგენლად ბევრია“, – ამბობს დიანა დიმოვა, ორგანიზაცია Mission Wings-ის პრეზიდენტი.

მაჰერი ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში თარჯიმნად მუშაობს და რამდენიმე არაბულ დიალექტზე საუბრობს. მას უკვე ორი წელია უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების ოჯახები გაუჩინარებულების მოძებნის თხოვნით უკავშირდებიან.

„ეს ბოლო მსხვერპლია ბულგარეთის ტყეებიდან. დაახლოებით 2-3 საათიანი ძებნის შედეგად, ჩვენ მისი ცხედარი ვიპოვეთ“, – ამბობს მაჰერი თარჯიმანი.

მიგრანტთა უკანონო გადაადგილების შესაჩერებლად ბულგარეთისა და თურქეთის ხელისუფლებებმა ორი ქვეყნის საზღვრის მთელ სიგრძეზე ღობეები აღმართეს. მიუხედავად ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკანონოდ საზღვარი 300 000-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა.

„როდესაც მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, მათ კამერები ამჩნევენ. შემდეგ კი მათ შესამოწმებლად სასაზღვრო პატრული მიდის. მიგრანტები სამართალდამცველების დანახვისას კვლავ უკან, თურქეთის ტერიტორიაზე ბრუნდებიან“, – ამბობს მიხაილ ანასტასოვი, სასაზღვრო სექტორის ხელმძღვანელი.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ევრონიუსთან საუბრისას დაადასტურა, რომ დაღუპულია 34 მიგრანტი, მაგრამ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მიგრანტები „გამცილებლებს“ 3000 ევროს ბულგარეთში, ხოლო 9000-ს გერმანიაში ჩასასვლელად უხდიან. თუმცა ეს ხშირად მათი ბოლო მოგზაურობის საფასური ხდება…

მიგრანტები, რომლებიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ევროპისკენ ამ რთულ გზას გადიან, ძირითადად სირიიდან და ავღანეთიდან არიან. თუმცა მათი დიდი ნაწილი უკეთესი ცხოვრების ძებნას ეწირება…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend