სამშობლოს დასაცავად გამართულ ომში მალე უკრაინელი პატიმრებიც ჩაებმებიან.
უკრაინის თავდაცვის სისტემა ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდას ცდილობს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ახლავს. შესაბამისად, პირველად ომის დაწყების შემდეგ მობილიზება შეეხება ციხეებსა და სასჯელაღსრულების კოლონიებს.
„ხალხს უნდა არმიაში წასვლა. მათთვის ვფიქრობ, კარგი იდეაა. აქ არ არიან ისეთი კრიმინალები, როგორც ხალხი ფიქრობს. ისინი არიან იგივე ბიჭები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო მოხვდნენ ციხეში და სურვილი აქვთ დაიცვან ქვეყანა“, – ამბობს მსჯავრდადებული მაქსიმ კრავჩენკო.
ახალი კანონის მიხედვით, პატიმრებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას, სამედიცინო შემოწმებას და გადაიხედება მისი ნასამართლობის საქმე, შეეძლებათ ვადამდე გათავისუფლდნენ. ამნისტია არ შეეხებათ გარკვეულ დანაშაულში მსჯავრდადებულ პირებს.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რამდენიმე ათას პატიმარს უკვე შეეხო ეს კანონი და გადაიყვანეს სამხედრო დანაყოფებში. კიევის ცნობით, დაახლოებით 27 ათასი პატიმარია, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ამ კანონით ისარგებლონ.
„ესაა ღია კარი ჩვენი სამხედროებისთვის, მეთაურებისთვის, რომლებმაც განაცხადეს, რა ბედი ეწევათ პატიმრებს ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, თუკი ისინი ამათუ იმ დანაყოფში გაწევრიანების გამო კონტრაქტს გააფორმებენ. ამან იმ ფაქტამდე მიგვიყვანა, რომ 5000-ზე მეტი აპლიკაცია გვაქვს უკვე. ამ მომენტისთვის დაახლოებით 27 ათასი პატიმარია, რომელთაც შეუძლიათ ამ კანონით ისარგებლონ“, – აღნიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ოლენა ვისოცკამ.
ერთ-ერთი დანაყოფი სადაც პატიმრები ფრონტის ხაზზე გაგზავნამდე ემზადებიან, არის მოხალისეთა ბატალიონი. ბატალიონის მეთაურის თქმით, ესაა მოტივირებული მებრძოლების მოპოვების უკანასკნელი იმედი.
როგორც არეის ბატალიონის მეთაური ამბობს, პატიმრებს მაღალი მოტივაცია აქვთ. „დიდ პოტენციალს ვხედავთ მათში, რადგან ამ დღეებში დავინახეთ რა მისწრაფებები აქვთ, როგორ ცდილობენ დავალებების შესრულებას, როგორ სწავლობენ. მათ აქვთ მოტივაცია, შინაგანი სურვილი აქვთ, ისინი ისეთივე მოხალისეები არიან, როგორიც ჩვენ ვართ“, – ამბობს მოხალისეთა ბატალიონის მეთაური.
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ყველაზე აქტიური საბრძოლო დაპირისპირება ბახმუტისა და დონეცკის ფლანგებზეა. ამავდროულად, რუსეთის საოკუპაციო არმია მძლავრ იერიშს განაგრძობს ჩრდილოეთით, ხარკივის მიმართულებაზე. ერთ დღეში ფრონტზე 142 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება მოხდა.