საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება” ლიდერობს. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი”, მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, პარტია კი მესამე ადგილს იკავებს.
ორგანიზაცია „იპსოსის” ვარაუდით, ეროვნულ ასამბლეაში პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 230-იდან 280-ამდე მანდატს აიღებს, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობის ფორმირებისთვის მათ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევთ. თუ პარტია მარტოც შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ულტრამემარჯვენე მთავრობა ეყოლება. ემანუელ მაკრონის ადგილს კი, 28 წლის ჯორდან ბარდელა დაიკავებს.
„დღეს ყველა ფრანგს, ვისაც სურს, უშველოს ჩვენს ქვეყანას, მოვუწოდებ შემოგვიერთდეს და გაგვაძლიეროს, რათა ეროვნულმა გაერთიანებამ გაიმარჯვოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, რომ დაგვყოს, დააზიანოს საზოგადოება და უგულებელყოს ჩვენი ღირებულებები”, — აცხადებს „ეროვნული გაერთიანების ლიდერი” ჯორდან ბარდელა.
პირველი რაუნდის შედეგებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი. მან განაცხადა, რომ მემარჯვენეები ძალაუფლების მოპოვებასთან ახლოს არიან და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ მისცენ ხმა მარინ ლე პენის პარტიას.
„ამ ვითარებაში ეროვნულ გაერთიანებას ხმა არავინ უნდა მისცეს. ეს არის ის, რაზეც არ უნდა დავეჭვდეთ. თუ გვინდა, რომ საფრანგეთის მომავალი დავიცვათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაზე ცუდი შედეგი თავიდან ავიცილოთ, ეს ყველა ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა”, — აცხადებს გაბრიელ ატალი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
ამავდროულად, ემანუელ მაკრონმა და მემარცხენე პარტიის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მეორე რაუნდში საკუთარ კანდიდატურას გაიწვევენ და ეცდებიან, ამით შეუშალონ ხელი მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას.
ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისას პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა გამოეხატათ პროტესტი მემარჯვენე ძალების წინააღმდეგ.
საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდი საფრანგეთში 7 ივლისს გაიმართება.