მთავარიმსოფლიოევროპაურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და ანტონიუ კოშტა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების...

ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და ანტონიუ კოშტა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატები არიან

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

წინასწარი ვარაუდები გამართლდა, ევროკავშირის ლიდერები ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი კონსერვატორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

28 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სამიტზე ბლოკის წევრი ქვეყნების მეთაურებმა მხარი დაუჭირეს მოლაპარაკებებში ჩართული 6 ევროპელი ლიდერის მიერ წარდგენილ წინადადებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი მანდატი ევროკომისიის პრეზიდენტის როლში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომსა და კორონავირუს პანდემიას დაემთხვა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ბლოკის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატებს შორის უდავო ფავორიტი გახლდათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეპუტაციისა და ევროპარლამენტის არჩევნებში „ევროპის სახალხო პარტიის“ გამარჯვების გათვალისწინებით.

ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთადერთი, ვინც მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ვიქტორ ორბანის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა“.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ესაუბრება უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში, 27 ივნისი, 2024 წელი Copyright Geert Vanden Wijngaert/Copyright 2024 The AP

„ესოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და ბლოკის უმაღლესი თანამდებობების დაკომპლექტების პროცესი გააკრიტიკა. მისი თქმით, იტალიის მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა ქვეყანას დამსახურებული ადგილი მიენიჭოს.

თუმცა, ამავდროულად, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის ხელახლა წარდგენა ევროპარლამენტის არჩევნებში ცენტრისტული ბლოკის გამარჯვების აღიარებაა. „ევროპის სახალხო პარტიამ” მემარჯვენე ძალების მიერ მიღწეული წარმატების მიუხედავად, ყველაზე მეტი ხმის მოპოვება და უმრავლესობის განმტკიცება შეძლო.

„მსურს, უბრალოდ მადლიერება გამოვხატო იმ ლიდერების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, მეორე მანდატისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ მომენტს, ანტონიო კოშტასა და ჩემს ძვირფას მეგობარ კაია კალასთან ერთად ვიზიარებ. ეს ნიშნავს, რომ ახლა ევროპარლამენტის მხარდაჭერის მოპოვებას შევეცდები, ამისთვის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკის სამოქმედო გეგმას წარვადგენ. ეს არის მომდევნო ნაბიჯი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის სამ უმაღლეს პოსტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდით, ორი ახალი სახე იქნება.

ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა კოშტას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრობის დროს Copyright European Union

ანოტონიუ კოშტა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა „სოციალისტებისა და დემოკრატების’’ ბლოკის წევრმა, 62 წლის პოლიტიკოსმა სოციალ-დემოკრატიული ღირებულებებით და ეკონომიკისადმი ტრადიციული მიდგომით, ევროკავშირის მეთაურების გულების მოგება შეძლო.

„ჩემთვის დიდი პატივია საბჭოს მხარდაჭერა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის დროს. ევროპაში ომია, მაგრამ ასევე იზრდება არასტაბილურობა გლობალურად, რაც ევროპული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ჩემი მიზანია, ვიმუშაო ევროპის ერთიანობისთვის, დავიცვა ევროპული ინტერესები და ღირებულებები დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ამავდროულად, დავამყარო გლობალური კავშირები, რაც ასეთ დროს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის კანდიდატი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ჯოზეპ ბორელის შემცვლელი მეოთხე ადგილზე გასული პარტიის „განაახლე ევროპის“ წევრია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან კაია კალასი იყო ევროკავშირის ლიდერებს შორის მთავარი მამოძრავებელი ძალა, კრემლზე სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდების კუთხით.

განსაკუთრებით მიესალმებიან ევროკავშირის დიპლომატიურ საქმიანობაში საკუთარი პერსპექტივის შემოტანას აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერები.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასთან ერთად და მალე ამ გუნდის ნაწილი ვიქნები. ორივე მათგანი გამორჩეული ევროპელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება ევროპისა და ევროპის მოქალაქეების სამსახურში. დიახ, ევროპა და მსოფლიო რთული მომენტის წინაშე დგას, მაგრამ ევროკავშირმა წარსულში აჩვენა საკუთარი გამძლეობა, ერთიანობაში ძალის პოვნის უნარი… წევრ ქვეყნებს შორის ერთიანობის დამყარება ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, როდესაც დეკემბერში ჩემს თანამდებობას დავიკავებ“, – ამბობს ანოტნიუ კოშტა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუ კოშტას თანამდებობაზე დანიშვნას მხოლოდ ევროკავშირის ლიდერები წყვეტენ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს თანამდებობების დასამტკიცებლად ევროპარლამენტარების ხმათა უმრავლესობის მოპოვება დასჭირდებათ. ხმათა გადამწყვეტი რაოდენობა 361-ია.

ეს კენჭისყრა ივლისში ახალი მოწვევის ევროპარლამენტის პირველივე სხდომაზეა მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend