მთავარიამერიკააშშტრამპი VS ბაიდენი - დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე

ტრამპი VS ბაიდენი – დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე

ჯორჯიის შტატში, CNN-ის ორგანიზებულ 90-წუთიან პირდაპირ ეთერში, ამერიკის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს პასუხის გაცემა ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, ინფლაციის ზრდაზე, საიმიგრაციო პოლიტიკაზე, ასევე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე მოუწიათ. აუდიტორიის გარეშე გამართულმა პოლიტიკურმა შერკინებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. ტრამპმა ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკული არმიის სამარცხვინო უკან დახევასა და ამით პუტინისთვის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ბრალდებებზე საპასუხოდ, ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს კრიმინალი უწოდა და უკრაინაში კრემლის წარმატების შემთხვევაში, როგორც ბალტიის ქვეყნებში, ისე ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებში მოსალოდნელ სამხედრო საფრთხეებზე ისაუბრა.

„ეს არის ომი, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. შეერთებულ შტატებს რეალური ლიდერი რომ ჰყოლოდა, ეს ომი არ დაიწყებოდა. ბაიდენმა უკრაინას 200 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, ეს ძალიან დიდი თანხაა. ზელენსკი ვაშინგტონში რომ ჩამოდის, ის 60 მილიარდით ტოვებს ქვეყანას, ის გენიოსია. მე ამ ომს არ დავუშვებდი და ვაპირებ, რომ დავამთავრო ეს უაზრო სისხლისღვრა“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„პუტინი სამხედრო კრიმინალია. მან მოკლა ათასობით ადამიანი და მას სურს საბჭოთა იმპერიის აღდგენა, ის არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილით, მას სურს უკრაინის მთლიანად დაპყრობა. მას არ სურს მშვიდობა. მას მთლიანი უკრაინის დაპყრობა უნდა. და როგორ ფიქრობთ, მხოლოდ უკრაინაზე გაჩერდება? თქვენი აზრით, რა მოუვა პოლონეთს? რას ფიქრობთ ბელარუსზე? რა მოუვათ ნატოს წევრ სახელმწიფოებს? თქვენი აზრით, რა იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში? დაფიქრდით. არ შეიძლება რუსეთს ეს შევარჩინოთ. ირანი თავს დაესხა ამერიკელ სამხედროებს და მოკლა ისინი. ნაწილს თავის ტვინის მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მან არაფერი გააკეთა, როცა პრეზიდენტი იყო. ისინი თავს დაესხნენ, მან კი თქვა, რომ უბრალოდ თავი სტკიოდათ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

სამხრეთ პორტლენდში, მეინის შტატში, უყურებენ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებს, 27 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo Robert F. Bukaty

რუსეთ-უკრაინის ომის მსგავსად ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების დავის საგანი ისრაელ-ჰამასის სამხედრო კონფლიქტიც გახდა. შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა გარდა ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერისა, ომის გაგრძელებაში ისრაელის სახელმწიფოც დაადანაშაულა. პოლიტიკური მეტოქის პოზიციას ბაიდენი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების სამფაზიანი გეგმა წარადგინა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ, დიდმა შვიდეულმა და თავად ნეთანიაჰუმ მოიწონეს, თუმცა მას ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ არ თანხმდება.

„სწორედ ისრაელს სურს ომი. ბაიდენი ამბობს, რომ „ჰამასია“ ის, ვისაც ომის გაგრძელება უნდა, თუმცა ეს რეალურად ისრაელია. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ბაიდენს არ სურს ამის გაკეთება, რადგან ის პალესტინელად იქცა და არც მათ მოსწონთ, რადგან იგი არც თუ ისე კარგი და ამავე დროს სუსტი პალესტინელია“, – თქვა ტრამპმა.

„ეს გეგმა, თავის მხრივ, სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზა ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. მეორე ფაზა ცეცხლის შეწყვეტას დამატებითი პირობებით. ხოლო მესამე ფაზა – ომის დასრულებას. ერთადერთი, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს, არის „ჰამასი“ და ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევის შედეგად ვცდილობთ, რომ „ჰამასი“ დათანხმდეს ამ გეგმას. ამავდროულად, რა ხდება ისრაელთან დაკავშირებით? ერთადერთი, რაზეც მე მათ უარი ვუთხარი 900-კილოგრამიანი ბომბებია, რომლებსაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი ეწირება. ჩვენ ისრაელს ვაწვდით ყველა საჭირო შეიარაღებას, ნებისმიერ დროს, როცა ეს მათ სჭირდებათ“, – თქვა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო დებატებში გამოსვლისას.

დაძაბული კამათი შეეხო აბორტის უფლებებსაც. ტრამპმა აღნიშნა, რომ ის სამი მოსამართლე, რომელთა ხმების დამსახურებითაც სასამართლომ 2022 წელს აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, მისი დანიშნული იყო. ამერიკის ექსპრეზიდენტმა „დემოკრატებს“ აბორტის უფლების გამო „რადიკალები“ უწოდა და ბაიდენი დაადანაშაულა.

„კონსენსუსის თანახმად, „რო ვეიდის წინააღმდეგ“, შტატის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსურთ. არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგია. ვფიქრობთ, რომ ეს რადიკალური ნაბიჯია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „დემოკრატები“ რადიკალები არიან და არა „რესპუბლიკელები”“, – განაცხადა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა.

„51 წლის განმავლობაში ეს იყო კანონი. ამ ხნის მანძილზე, კონსტიტუციონალისტები განმარტავდნენ, რომ ეს სწორი გზა იყო. ის გაუქმდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კაცმა უმაღლეს სასამართლოში ძალიან კონსერვატიული წევრები დანიშნა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას მხარეებმა თავიანთი მმართველობის წარმატებებზე ისაუბრეს, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებული არაერთი კრიტიკული კითხვა. მათ შორის მოხვდა არალეგალური მიგრაციის საკითხი, რაც ტრამპის შეფასებით, ხელმოკლე ამერიკელთა მდგომარეობას აუარესებს.

„მისი მმართველობისას ჩვენი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაში იყო. პანდემია ცუდად იმართებოდა, ბევრი ადამიანი კვდებოდა, ეკონომიკა ჩამოიშალა, უმუშევრობის მაჩვენებელი 15%-ამდე გაიზარდა. ეს საშინელება იყო. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და შევქმენით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი, ასევე 800 000 ახალი სამუშაო ადგილი სამრეწველო სფეროში. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ლიდერმა.

„ერთადერთი, ვისთვისაც მან სამუშაო ადგილები შექმნა, ეს იყო მიგრანტებისთვის და სამუშაო ადგილები, რომლებიც კოვიდპანდემიის შემდეგ აღდგა. მან ცუდი სამუშაო გასწია და ახლა ინფლაცია ჩვენს ქვეყანას კლავს. ის კლავს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დებატების მიმდინარეობისას.

დებატების დასრულებიდან რამდენიმე საათში ოპონენტების პირდაპირ ეთერში შეხვედრას შეფასებები მოჰყვა. NBC-ისა და CNN-ის თანახმად, ჯო ბაიდენის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები მის მიერ გამოყენებულ წინასწარ მომზადებულ ფრაზებს უკავშირდებოდა, როცა ის ტრამპს „მატყუარასა“ და „დამნაშავეს“ უწოდებდა, ასევე მეტოქეს დამცინავი სახით უსმენდა.

ტრამპისა და ბაიდენის დებატების მომდევნო რაუნდი 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში, შედგება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend